რამდენიმე საათის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 წლის ლუკა აბულაძის მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავა. ერთ-ერთს ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ორს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.
გამოძიებით დადგინდა რომ პირმა ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხი პირი მათ შორის დაღუპული არასრულწლოვანი მკვეთრი მანევრის შედეგად წყალში განზრახ გადაყარა. გაირკვა ისიც რომ ე.წ. ბანანზე მჯდომ არცერთ პირს არ ეცვა უსაფრთხოების ჟილეტები.
უფრო მეტიც, შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად წყალში ჩაყრილი ადამიანები მიატოვა და მათ გადარჩენასაც არ ეცადა.
16 წლის ლუკა აბულაძის ცხედარი მაშველებმა ორ დღიანი ძებნის შემდეგ სანაპიროდან 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. დანარჩენმა სამმა ნაპირზე გასვლა თავად მოახერხა. დაკავებული სამი პირიდან ყველაზე უმცროსი 18 წლისაა.
რატომ გაიყვანა ღია ზღვაში ახალგაზრდები უსაფრთხოების ჟილეტების გარეშე ბრალდებულმა, ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ახლა დაღუპული არასრულწლოვანის ოჯახს აქვს.