მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საგამოძიებო უწყებებისთვის არ მიუმართავს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მათ სამართალდამცავი უწყებები დაუკავშირდნენ. დღის ბოლოს კი ცნობილი გახდა რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
მეუფე შიოს ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე მეტალების გამო, საპატრიარქოში არ გამორიცხეს, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს შესაძლოა დრო და დრო ნელ-ნელა წამლავდნენ. მეუფე ბოლო 1 თვის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა. საპატრიარქოს ინფორმაციით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სისხლში არაერთი უჩვეულო ცვლილება იყო.
მეუფე შიო პატრიარქმა თანამოსაყდრედ 2017 წელს დანიშნა, სწორედ ის განიხილება ილია მეორის ერთ-ერთ მთავარ მემკვიდრედ.