26 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
6 მოქალაქის გატაცება ერთ დღეში - რა ზომებს ატარებს თბილისი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად

6 მოქალაქის გატაცება ერთ დღეში - დღეს, დილით მდინარე მეჯუდას პირას წასული მეჯვრისხეველები დღის ბოლოს ცხინვალის ციხეში აღმოჩნდნენ. საოკუპაციო ძალის წარმომადგენლების მიერ გატაცებულების კვალი მეჯუდას მიმდებარე ტერიტორიიდან იკარგება. ეს ის ადგილია, სადაც დღის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები იკრიბებიან. უკანონოდ დაკავებულები ბოლოს მათმა მეგობარმა ნახა.

სოფელი მეჯვრისხევი ოკუპირებულ სოფელ ღრომს ესაზღვრება, სადაც რუსეთის საოკუპაციო ბაზაა განთავსებული.

დაკავებულთა ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს, შესაძლოა გზა აერიათ და საოკუპაციო ძალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩდნენ.

საქართველოს 6 მოქალაქის დაკავების დეტალები იცის მერაბ დვალიშვილმა. ის მეშვიდე პირი იყო, ვინც ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მეჯვრისხევის მკვიდრი რუს სამხედროებს გამოექცა. მან უკვე მისცა ჩვენება პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა მედიასთან საუბარი არ ისურვა.

გატაცების მორიგი ფაქტის შესახებ ცნობილი დღეს დილით პარლამენტში გახდა, სადაც დეპუტატებს სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ანგარიშს აბარებდა. ალექსი ბატიაშვილის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დაკავებულთა გასათავისუფლებლად.

ცხინვალის იზოლატორში ამჟამად საოკუპაციო ძალის ტყვეობაში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება. უკანონო სასჯელს ოკუპირებულ აფხაზეთში იხდის კიდევ 4.

 

 

დღის ამბები