26 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ძლიერი სეტყვა, ქარიშხალი და კოკისპირული წვიმა - ესპანეთი მასშტაბური წყალდიდობის შედეგებს ებრძვის

ძლიერი სეტყვა, ქარიშხალი და კოკისპირული წვიმა - ესპანეთი მასშტაბური წყალდიდობის შედეგებს ებრძვის. ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში უცბად მოვარდნილმა წყალმა დატბორა ქუჩები, სახლები, გაიტაცა ავტომანქანები, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ. ინტერნეტში ვრცელდება კადრები სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ წყლის ნაკადისგან თავის დაღწევას, მანქანების სახურავებზე ასული ადგილობრივები.

სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი მიაყენა სარაგოსას პროვინციას, სადაც საავტომობილო გზებთან ერთად, შეფერხდა გადადგილება რკინიგზაზეც. გაუქმდა ავიარეისები. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, დატბორილ ადგილებში მგზავრობისგან მაქსიმალურად თავი შეიკავონ.
 
პანისას მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ამბობენ, რომ წყალდიდობამ და სეტყვამ მოსავლის 100% გაანადგურა. ფერმერები და მევენახეები დახმარებას ითხოვენ.

მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებული არიან მეხანძრეები, ადგილობრივი პოლიცია და დასუფთავების პერსონალი. მაშველებმა სტიქიის ზონაში ათობით ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მასშტაბურია, რომლის შეფასებაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

დღის ამბები