26 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
კორუფციული დანაშაული - როგორ იპარავდნენ კოვიდ პაციენტებისთვის გამოყოფილ თანხებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ვინ არიან პირები, რომლებიც გამოძიებამ დააკავა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი დაკავებულია. ირაკლი გვაზავასთან ერთად დააკავეს კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდმეწარმე. გამოძიება დაკავებულებს გაყალბებული საბუთებით ასიათასობით ლარის მითვისებას ედავება. ირაკლი გვაზავა სასამართლო პროცესზე ირწმუნებოდა რომ, თანხა რომლის მითვისებაშიც ადანაშაულებენ, მხოლოდ კლინიკის კეთილმოწყობას მოხმარდა.

ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში, თავს დამნაშავედ არ ცნობს გვაზავასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი. კლინიკის ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომელმა სასამართლოს უთხრა, რომ ყალბი დოკუმენტაცია არ დაუმზადებია და არც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა აუღია. ლევან გიგოლაშვილი მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს. დუმილის უფლებას იყენებს ამ დრომდე ინდ მეწარმე გიორგი ყეინაშვილი.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სამივე დაკავებული 2-თვიან პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

პროკურატურა რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა და გამოძიებამ დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა, რომლის მიხედვითაც, 2020-2021 წლებში, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ინდ მეწარმეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. შეთანხმების საფუძველზე კლინიკის 4 სართულზე, 3 მილიონზე მეტი ლარის სარემონტო სამუშაოები უნდა შესრულებულიყო. სახელმწიფომ მოთხოვნილი თანხა გამოყო, ჩატარდა რეაბილიტაცია, თუმცა, გაირკვა რომ სამუშაოებისთვის მხოლოდ თანხის ნახევარი დაიხარჯა. დარჩენილი თანხის ნაწილი კი გვაზავამ, გიგოლაშვილმა და ყეინაშვილმა გადაინაწილეს. საუბარია სულ 143 846 ლარზე. 

მოპოვებული მტკიცებულებების შემდეგ პროკურატურამ გვაზავა, გიგოლაშვილი და ყეინაშვილი მოსამართლის განჩინებით დააკავა. გამოძიება სამივე ბრალდებულს ჯგუფური დანაშაულის ჩადენას ედავება.

საქმეზე, უკანონოდ თანხის დაუფლების კიდევ ერთი ეპიზოდია. გამოძიებამ გაარკვია, რომ 2021 წელს სამედიცინო დაწესებულებაში შპს "ნიუმშენს", თითქმის ნახევარ მილიონი ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომელი და კონტრაქტორი კომპანია შეთანხმდნენ, დაამზადეს ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ დახარჯული თანხა ბევრად ნაკლები იყო.

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუდიტის სამსახური 2022 წლის 3 მაისს შევიდა, მიზეზი პანდემიის პერიოდში დახარჯული თანხების მიზნობრიობის შემოწმება იყო. კლინიკაში მონიტორინგის დაწყებიდან მალევე, საკადრო ცვლილებებიც დაიწყო. გათავისუფლდნენ მენეჯმენტის წარმომადგენლები. თანამდებობა სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა, ლევან გოფოძემაც დატოვა. მას დღეს "კურიერიც" დაუკავშირდა, ყოფილი მმართველი ამბობს, რომ ირაკლი გვაზავას დაკავება და პროკურატურის ბრალი მისთვის მოულოდნელი იყო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, საქმეზე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს. ბრალი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები