დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
საუბარია ბიტკოინის "მაინინგზე", სადაც ინვესტორმა 5 მილიონი დოლარი ჩადო ბრალდებულმა კი, მილიონ სამასი ათასი. თუმცა გამოძიების ინფორმაციით, 2 წლის შემდეგ, ინვესტორმა მოგების სახით ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო, ბაჩიაშვილმა კი თითქმის 40 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.
თანაინვესტირების ფონდში ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია. მოსამართლემ დღეს ოქმის წაკითხვისას დაადასტურა, რომ სახელმწიფო ბრალდება ბაჩიაშვილს "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიტკოინის მითვისებას ედავება.
ფონდი 2013 წელს დაფუძნდა და მისი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას გიორგი ბაჩიაშვილი 6 წლის მანძილზე იკავებდა. ბოლოს კი, ის იმავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.
პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტა სხვადასხვა საფულეზე გადაიტანა და მრავალმხრივი ოპერაციებით, მათ შორის თანხის განაღდებითა და ქონების შეძენით, ბიტკოინის წარმოშობის წყარო დამალა, რითაც მას აქტივების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა მიეცა.