26 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
5 დაჭრილი და 40 დაშავებული - საოკუპაციო ძალამ ლვოვზე ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა

5 დაჭრილი და 40 დაშავებული - ლვოვზე, საოკუპაციო ძალამ ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. წინასწარი ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას "კალიბრის" ტიპის რაკეტებით შეუტიეს. მიწასთან არის გასწორებული ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. აფეთქებულია რამდენიმე კომერციული ობიექტი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შეუტიეს რუსული არმიის ნაწილებმა სუმში. დაიბომბა რამდენიმე საზღვრისპირა დასახლება. 2 ადამიანი დაიღუპა - 10 დაშავდა ხერსონის დეოკუპირებულ ნაწილში. ქალაქზე კომბინირებული შეტევა განხორციელდა. საოკუპაციო ძალამ დრონები და ფრთოსანი რაკეტები გამოიყენა.

ოკუპანტის იერიშს მასშტაბური საპასუხო ცეცხლი მოჰყვა უკრაინელი სამხედროების მხრიდან. მათ წერტილოვან დარტყმები აგრესორის კონცენტრაციის უბნებზე მიიტანეს. განადგურებულია საბრძოლო მასალის 2 საცავი, საარტილერიო სისტემები და მძიმე ტექნიკა. ბახმუტის, მარიინკას და ავდიივკას მიმართულებით, ლიკვიდირებულია 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი.

უკვე მეორე დღეა უკრაინელების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაზე და საკუთარ დაზვერვაზე დაყრდნობით ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ კრემლი სტრატეგიულ ობიექტზე ტერაქტს გეგმავს.

მძიმე ვითარებაა უკრაინაში ბავშვთა უფლებების დაცვით კუთხით. ამ საკითხზე გაეროში იმსჯელეს.
გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა რუსულ მხარეს და მასთან დაკავშირებულ ფორმირებებს 2022 წელს 136 ბავშვის მკვლელობაში დასდეს ბრალი. რასაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მოსკოვის წარმომადგენელმა ნებენზიამ, მისი ქვეყნის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის ნაწილი უწოდა.

 

დღის ამბები