რა შედეგით დასრულდა ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა შვედეთის, თურქეთის და ფინეთის წარმომადგენლებთან - სამიტამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. ახლა, ყველა თურქეთის საბოლოო პოზიციას ელოდება.
"ყველა შევთანხმდით, რომ შვედეთის სრული წევრობა, ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესებშია და ჩვენ ყველას გვსურს დასრულდეს ეს პროცესი რაც შეიძლება მალე,"- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა მედიასთან სწორედ შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"მომავალ კვირას ნატოს სამიტზე ჩვენ ხელახლა ავიღებთ ვალდებულებას ვიბრძოლოთ ტერორიზმთან მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით. აპრილში ჩვენ მივესალმეთ ფინეთს ნატოს ოჯახში. ამან შეცვალა თამაშის წესები ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ახლა კი დროა შვედეთი შეუერთდეს ალიანსს. შეხვედრაზე ყველა შევთანხმდით, რომ კარგი პროგრესი გვაქვს. ყველა შევთანხმდით, რომ შვედეთის სრული წევრობა ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესებშია. და ჩვენ ყველას გვსურს დასრულდეს ეს პროცესი რაც შეიძლება მალე. ჩვენ ვნახეთ დემონსტრაციები თურქეთისა და ნატოს წინააღმდეგ შვედეთში.
მათ სურთ შეაჩერონ შვედეთის ნატოში გაწევრიანება, ჩაშალონ კონტრტერორისტული თანამშრომლობა და დაასუსტონ ჩვენი ალიანსი. ერთადერთი, ვინც ამ პროვოკაციებით სარგებელს იღებს, არის ის, ვისაც ნატოს დაყოფა სურს. შვედეთის წევრობის შემდგომ შეფერხებას მიესალმება ქურთისტანის მუშათა პარტია და პრეზიდენტი პუტინი. შვედეთის წევრობა დიდ სამხედრო სარგებელს მოუტანს მთელ ალიანსს. შვედეთის დამატება საშუალებას მოგვცემს დავგეგმოთ მთელი არქტიკული-სკანდინავიური-ბალტიის რეგიონის დაცვა. შვედეთის გაწევრიანება ნატოში ყველას გაგვაძლიერებს და მეტ უსაფრთხოებას მოგვიტანს. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ შვედეთის წევრობა შესაძლებელია და რომ შვედეთის წევრობის რატიფიცირება არ ნიშნავს თურქეთთან თანამშრომლობის დასრულებას,"- განაცხადა სტოლტენბერგმა.