26 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
ევროპული და ამერიკულ კომპანიები, რომლებისთვისაც სანქციები ბარიერს არ წარმოადგენს - ჟურნალისტური გამოძიებით მიხედვით, ევროპამ რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვა გაზარდა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დააწესა, თუმცა დასავლური კომპანიები რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს კვლავ განაგრძობენ. "ნოვაია გაზეტა - ევროპას" ინფორმაციით, ევროკავშირი პარალელურად ეხმარება რუსეთს ენერგორესურსების ექსპორტის ალტერნატიული საშუალებების განვითარებაში. გამოცემის ცნობით, ევროპა ზრდის რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვებს. 2023 წლის პირველ ხუთ თვეში ეს მაჩვენებელი, 2021 წლის იანვარ-მაისთან შედარებით, თითქმის 30%-ით გაიზარდა. ევროკავშირი აწვდის რუსეთს ტექნოლოგიებს თხევადი ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. "ნოვაია გაზეტა - ევროპას" ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან ამავე წლის ნოემბრის ბოლომდე ევროკავშირიდან რუსეთში შევიდა 420 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა, რომელიც ახალი ქარხნის Арктик 2-ის მშენებლობისთვის არის განკუთვნილი. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ეს ქარხანა ბუნებრივი აირის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი გახდება რუსეთიდან აზიაში.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, 1.5 მილიარდი ევრო შეადგინა, ფინური კომპანიების რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ. ფინურ მედიაში დაიწერა, რომ მაგალითად კომპანია Metso Outotec-მა, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიითა და აღჭურვილობით სამთო, გადამამუშავებელი და ლითონის მრეწველობას, ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ გამოაცხადა, რომ წყვეტს მიწოდებას რუსეთში. სინამდვილეში კი კომპანია რუსეთში ვაჭრობას კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში განაგრძობდა. მედიის ცნობით ირკვევა, რომ ომის დაწყების შემდეგ, ფინეთმა რუსეთიდან შემოიტანა მნიშვნელოვანი რაოდენობის ენერგია და ქიმიკატები. ფინურმა სახელმწიფო კომპანია Gasum-მა კი, თხევადი ბუნებრივი აირი რუსეთიდან მინიმუმ 600 მილიონ ევროდ შეიძინა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღსრულების მიმართულებით გამონაკლისი დაუშვა ჩეხეთმაც. 33 ჩეხური კომპანია ენერგეტიკისა და ფარმაცევტული სფეროებიდან რუსეთთან პროდუქციით ვაჭრობას განაგრძობს.

საერთაშორისო გამოცემების ცნობით, ასობით მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებიც რუსეთში ომის პერიოდში დარჩნენ. კიევის ეკონომიკის სკოლის კვლევაზე დაყრდნობით, გამოცემა პოლიტიკო წერს, რომ გლობალურმა კორპორაციებმა 2022 წელს 214 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს მხოლოდ რუსეთში განხორციელებული ბიზნესის მეშვეობით და რუსეთის ბიუჯეტში 3.5 მილიარდი დოლარი შეიტანეს გადასახადების სახით.

გამოცემის ინფორმაციით, თამბაქოს კომპანია Philip Morris-მა ყველაზე მეტი შემოსავალი 7.9 მილიარდი დოლარი მიიღო შარშან და რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით 206 მილიონი დოლარი შეიტანა.

რაც შეეხება კომპანია Danone-ს, მისმა შემოსავალმა რუსეთში დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო Pepsi-მ 4.6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. სწორედ ამის შესახებ დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე, ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში სპეციალისტმა ულრიკე ფრანკიმ. მან იმ საერთაშორისო კომპანიების შემოსავლები გამოაქვეყნა, რომლებიც ამ დრომდე რუსეთში ბიზნესს აწარმოებენ.

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი ივნისის ბოლოს დაამტკიცა. ახალი სანქციების მიზანი არსებულის ეფექტიანობის გაზრდა და მათი გვერდის ავლის შემთხვევებთან ბრძოლაა.

დღის ამბები