20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ბორჯღალოსნებისთვის ისტორიული გამოდგა. წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, მორაგბეებმა მეორე ტურში ჯერ არგენტინა დაამარცხეს, ბოლოს კი გადამწყვეტი დაპირისპირება იტალიასთან 30:17 მოიგეს, მეტოქეს 4 ლელო დაუდეს და ბონუს ქულაც დაიმსახურეს.
პრინციპულ შეხვედრაში გადამწყვეტი მეორე ნახევარი გამოდგა. იტალიელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, 46 წუთზე ლელოც დადეს, თუმცა მათი უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. შეხვედრის მიწურულს ხონელიძის და ჭამიაშვილის ლელოებმა ყველაფერი გადაწყვიტა და ურთულეს შეხვედრაში პლეიოფის საგზური საქართველოს დარჩა.
ლადო კილასონიას ნაკრები, ისტორიაში პირველად, მე-5 მე-8 ადგილებისთვის იასპარეზებს. პლეიოფში უმცროსი ბორჯღალოსნები 9 ივლისს უელსის წინააღმდეგ "დანიე ქრევენ სთედიუმზე" ითამაშებენ, გამარჯვების შემთხვევაში კი მე-5 ადგილისთვის ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდებიან.
ნებისმიერ შემთხვევაში 20 წლამდელთა ნაკრები პირად რეკორდს გააუმჯობესებს. აქამდე ნაკრების საუკეთესო მაჩვენებელი 2018 წელს დაფიქსირებული მე-9 პოზიცია იყო.
ავტორი: ლაშა რამაზაშვილი