26 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია კრიტიკულია - ოფიციალური კიევი საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია კრიტიკულია. ოფიციალური კიევი საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი მოწყობილობები განათავსეს. ვოლოდიმირ ზელენსკი შიშობს, რომ კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ, საოკუპაციო ძალა არც ევროპაში უდიდესი ატომური სადგურის განადგურებაზე იტყვის უარს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაპოროჟიეს სადგურის დანაღმვის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. თუმცა, უკრაინული მხარის შეფასებით, მათ ეჭვებს ამყარებს დმიტრი პესკოვის განცხადება. პუტინის პრესსპიკერის თქმით, კიევის მხრიდან დივერსიის საფრთხე საკმაოდ მაღალია. შედეგები სპეციალისტების განცხადებით, საკმაოდ სერიოზული იქნება. თუმცა, ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ ზაპოროჟიეს სტრატეგიული ობიექტის აფეთქება 1986 წლის ტრაგედიასთან შედარებით, ნაკლებად მასშტაბური იქნება.

ზაპოროჟიეს ოლქში წინსვლას ცდილობენ უკრაინელი სამხედროები. მათ ბერდიანსკის მიმართულებით 2 კილომეტრამდე ტერიტორია დაიკავეს და საოკუპაციო ძალისგან გაწმინდეს. შეტევითი ოპერაციები გრძელდება მელიტოპოლშიც. ბახმუტში კი, წინასწარი ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი დასახლება, კლეშეევკა აიღეს, რასაც საოკუპაციო ძალის მხრიდან მასშტაბური იერიში და ქიმიური იარაღის გამოყენება მოჰყვა.

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის ინფორმაციით, კონტრიერიში შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ შედეგით მაინც კმაყოფილები არიან. მთავარი, მათი თქმით, ამ ეტაპზე ის არის, რომ ფრონტის მთელ ხაზზე საოკუპაციო ძალას ახლა უკრაინელი ჯარისკაცების შეტევის მოგერიება უწევთ.

კონტრშეტევის დაწყებიდან დღემდე უკრაინელმა სამხედროებმა 9 დასახლებული პუნქტი, ჯამში 160 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებით რუსული არმიის პოზიციებმა 8 კილომეტრით უკან დაიხიეს.

დღის ამბები