26 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
პასუხი ზელენსკის ულტიმატუმზე - რა რეჟიმში გააგრძელებს საქართველო უკრაინასთან ურთიერთობას და როგორ აფასებენ ზელენსკის გადაწყვეტილებას ქართველი პოლიტიკოსები

ზელენსკის ულტიმატუმის ვადა იწურება. საქართველოს ელჩი უკრაინიდან რამდენიმე საათში დაბრუნდება, თუმცა თბილისში კონსულტაციები არ გაიმართება. უკრაინული მხარის მოთხოვნა, რომ ქართველმა დიპლომატმა ხელისუფლებასთან კიევისთვის სააკაშვილის გადაცემის საკითხი მოაგვაროს, არ შესრულდება. ოფიციალური თბილისის პასუხი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნეს - დიპლომატიური დემარში ქართული მხარისთვის უსაფუძვლო და გაუგებარია. ელჩი თბილისში მხოლოდ მადლობას მიიღებს კიევში გაწეული საქმიანობისთვის.

საქართველო უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება, თუმცა ამაში ოპოზიციის ერთი ნაწილი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს. კონკრეტული პარტიები და პოლიტიკოსები ზელენსკის გადაწყვეტილებას მართებულად მიიჩნევენ, ქვეყნიდან ელჩის გაწვევას იწონებენ და იქვე აღიარებენ, რომ ეს უკიდურესად ხისტი ნაბიჯია.

ზელენსკის გადაწყვეტილების მხარდამჭერებს, მმართველი გუნდი ქართველ პოლიტიკოსებად არ მიიჩნევს. ოპოზიციის ეს ნაწილი "ქართული ოცნების" შეფასებით, სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს. დიპლომატიურ დემარშზე ოპონენტების რეაქციამ "ქართული ოცნება" დაარწმუნა, რომ ოპოზიციის მიზანი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაა.

მიხეილ სააკაშვილის გამო ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაზიანება გაუმართლებელია ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის. პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინას განსაკუთრებით გულშემატკივრობენ და აქტიურად უჭერენ მხარს, ზელენსკის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები არიან.

უკრაინის პრეზიდენტს საკუთარი დემარშით რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებაში შეაქვს ეჭვი, ამაზე საუბრობენ მმართველ პარტიაშიც. განმარტავენ, რომ ასეთი დამოკიდებულება მათ საერთაშორისო პოზიციებსაც არ ამყარებს. "ქართული ოცნება" დღეს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებსა და ქართულ ოპოზიციას შორის კავშირებზეც მიუთითებდა.

48 საათში ქვეყნის დატოვება საქართველოს ელჩს უკრაინის საგარეო უწყებაში გუშინ მოსთხოვეს. გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინულ მხარეს ოფიციალური თბილისის პოზიციაც უკვე გადასცა.

დღის ამბები