26 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
"უსაფრთხო ტურიზმი საქართველოში" ქვეყანაში ახალი კამპანია იწყება - შსს-მ აჭარაში სპეციალურად ტურისტული სეზონისთვის მომზადებული ვიდეო რგოლი წარადგინა

"უსაფრთხო ტურიზმი საქართველოში" - ქვეყანაში ახალი კამპანია იწყება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში სპეციალურად ტურისტული სეზონისთვის მომზადებული ვიდეორგოლი წარადგინა. ხვალიდან ვიდეო სატელევიზიო სივრცეში გამოჩნდება და ჩაეშვება სოციალურ ქსელებში.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ეს არის ტურისტების უსაფრთხოების დაცვა. პირველი ადამიანი, ვინც ტურისტს ხვდება აეროპორტში, არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ვინც ახდენს საპასპორტო შემოწმებას. გარდა ამისა, ჩვენ ვართ სანაპირო ზოლზე, ქუჩაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, ანუ ყველგან არის წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტრო, შესაბამისად ჩვენი თანამშრომლების აქტიური მოქმედება და მათი მხრიდან თითოეული ტურისტის უსაფრთხოების დაცვა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს," - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც, როგორც საერთაშორისო, ასევე - ადგილობრივი ტურისტებისთვის მოგზაურობა არის უსაფრთხო.

"საქართველო ნამდვილად არის უსაფრთხო ქვეყანა, სადაც, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ მოგზაურებს შეუძლიათ საკუთარი დასვენების დროს თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ამაზე მეტყველებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, სადაც საქართველო პოზიციონირებულია როგორც დანიშნულების ადგილი, სადაც უსაფრთხოება ძალიან მაღალ დონეზეა დაცული.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკუთარ საერთაშორისო კამპანიებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზავნილად იყენებს სწორედ იმას, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც მოგზაურობა არის უსაფრთხოდ შესაძლებელი," – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

დღის ამბები