26 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
რამდენიმე თვის შემდეგ, საზოგადოებამ მერაბიშვილზე ძალადობის ამსახველი კადრები იხილა - ჩანაწერის გავრცელებაში "ნაციონალური მოძრაობა" მმართველ გუნდს ადანაშაულებს, ბრალდება მიუღებელია "ქართული ოცნებისთვის"

რამდენიმე თვის შემდეგ, საზოგადოებამ ვანო მერაბიშვილზე ძალადობის ამსახველი კადრები იხილა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს, როგორ უპირისპირდება ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" სიძე გიორგი შარაშიძე ყოფილ ძალოვან მინისტრს - ვანო მერაბიშვილს. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა 6 თვის წინ მოხდა და შარაშიძე სამართალდამცველებმაც გამოკითხეს, ჩანაწერი საჯარო მხოლოდ დღეს გახდა.

ჩანაწერის გავრცელებაში "ნაციონალური მოძრაობა" მმართველ გუნდს ადანაშაულებს. პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ამ ფორმით ხელისუფლება ძალადობას ახალისებს.

ბრალდება მიუღებელია "ქართული ოცნებისთვის," სადაც დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ძალადობას ემიჯნებიან. მმართველ პარტიაში ისიც თქვეს, რომ მსგავსი შემთხვევების დროს გამოძიებასთან თანამშრომლობაა საჭირო და ოპოზიციას ის ფაქტიც შეახსენეს, რომ ვანო მერაბიშვილმა სამართალდამცველებთან კომუნიკაციაზე უარი თქვა.

"ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც ხელისუფლების მხრიდან ძალადობის წახალისებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ აგრესიის ყველანაირი ფორმა მიუღებელია.

"ქართული ოცნება" ძალადობას გმობს - ამაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დღეს, ჟურნალისტებთან, პრესკონფერენციაზეც ისაუბრა. ბრიფინგზე ერთ-ერთი კითხვა სწორედ ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობრივ ქმედებებს შეეხო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მოქალაქეებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სამოქალაქო აქტივიზმის ჩარჩოში არ ჯდება და ეს, მხოლოდ პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს.

ბოლო დროს მომხდარ ძალადობრივ შემთხვევებს აფასებს სახალხო დამცველიც. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ აპარატი ყველა ფაქტს სწავლობს.

ძალადობის ბოლო შემთხვევებზე, რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოახდინა. გამოძიება ყველა ფაქტზე დაწყებულია.ძალადობის ბოლო შემთხვევებზე, რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოახდინა. გამოძიება ყველა ფაქტზე დაწყებულია.

დღის ამბები