26 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში -  რატომ არის მიუღებელი თავდაცვის ახალი კოდექსი "გირჩისთვის"

თავდაცვის ახალი კოდექსის განხილვას, პარლამენტის დერეფანში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ერთმანეთს მიხეილ სარჯველაძე და სანდრო რაქვიაშვილი დაუპირისპირდნენ. კომიტეტის თავმჯდომარის გაღიზიანება, "გირჩის" დეპუტატის რეპლიკამ გამოიწვია. მხარეები მანდატურის სამსახურმა გააშველა.

ფიზიკურ დაპირისპირებამდე წვევამდელების სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებით, სიტყვიერი კამათი კომიტეტის სხდომაზეც მოხდა.

კონფლიქტის დასრულების შემდეგ, მხარეებმა დაპირისპირების განსხვავებული მიზეზები დაასახელეს. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების ერთადერთი მიზანი სხდომაზე არეულობის მოწყობა იყო. სანდრო რაქვიაშვილი კი ირწმუნება, რომ კომიტეტის თავმჯდომარის გაღიზიანება, "გირჩელების" არგუმენტირებულმა პოზიციებმა გამოიწვია.

დაპირისპირება სასესიო დარბაზშიც გაგრძელდა. "გირჩის" წევრები რეაგირებას პარლამენტის თავმჯდომარისგან ითხოვდნენ.

მოგვიანებით, პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატები თავდაცვის მინისტრის მოადგილისგან განმარტებებს, იმ მთავარ ცვლილებებზე ითხოვდნენ, რომელსაც თავდაცვის ახალი კოდექსი ითვალისწინებს. საუბარია სამხედრო სავალდებულო სამსახურის 12 თვიანი ვადის შემცირებასა და წვევამდელების სავალდებულო გაწვევის საკითხებზე. ამავე კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები რელიგიურ ორგანიზაციებსაც ეხებათ, რომელთა წევრებიც სამხედრო სამსახურს თავს ვეღარ აარიდებენ.

სხდომის პარალელურად "გირჩმა", საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია დააანონსა. პროტესტის მიზეზად კი, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაასახელა.

ავტორი: ანუკა ბუავა. 

დღის ამბები