26 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ზელენსკიმ სააკაშვილის გამო საქართველოს დიპლომატიური ომი გამოუცხადა - როგორია პოლიტიკური შეფასებები ოფიციალური კიევის პოზიციასთან დაკავშირებით

დიპლომატიური დემარში რუსეთთან მეომარი ქვეყნის მთავარსარდალმა საქართველოს მიხეილ სააკაშვილის გამო გამოუცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა პირველად ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს კიევის დასატოვებლად 48 საათს აძლევდა. მალევე, სატელევიზიო მიმართვაში, ზელენსკიმ მეგობარი ქვეყნის ხელისუფლება რამდენიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის რუსეთის დავალებით მკვლელობაშიც დაადანაშაულა.

პატიმარ სააკაშვილის მდგომარეობით შეშფოთებულია მოლდოვას პრეზიდენტიც. ზელენსკის მსგავსად, კრიტიკული პოზიცია ტვიტერზე გამოხატა და სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლება მოითხოვა მაია სანდუმაც. პარალელურად, პრეზიდენტის დავალება მალევე აღასრულა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. დმიტრო კულებას უწყებაში გიორგი ზაქარაშვილი დღეს დაიბარეს და პრეტენზიებიც გააცნეს. სრულმასშტაბიან დიპლომატიურ შეტევას მალევე თბილისმაც უპასუხა. საგარეო უწყება მეგობარი ქვეყნის გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებად და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად მიიჩნევს.

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ სრული მხარდაჭერა ვერც სახელმწიფო რადას დეპუტატებისგან მოიპოვა. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ივანა კლიმპუშმა სოციალურ ქსელში ქვეყნის მთავრობა ღიად გააკრიტიკა. რადას წევრისთვის დიპლომატიური ურთიერთობის ეს ფორმა გაურკვეველი და მეგობრული ურთიერთობის დამაზიანებელია.

დიპლომატიური ურთიერთობების დე-ფაქტო გაწყვეტას შეურაცხმყოფელ ნაბიჯს უწოდებენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოპარვის საქმე შეახსენეს. თქვეს ისიც, რომ დიპლომატიურ მისიას კიევი რუსეთის სამხედრო აგრესიის ყველაზე მძიმე ფაზაშიც კი არ დაუტოვებია. პოლიტიკოსების განცხადებით, როდესაც, საქართველო დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ ასპარეზზე უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, ზელენსკის გადაწყვეტილება უსამართლოდ გამოიყურება. მიუხედავად ამისა, საქართველო ომში მყოფი ქვეყნის კრიტიკას არ აპირებს.

შეფასებები არაერთგვაროვანია ოპოზიციურ სპექტრში. ნაწილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებულ დიპლომატიურ დემარშს მიესალმება, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ უკრაინული მხარე ამ ქმედებით ორ ქვეყანას შორის დაძაბულობას აღრმავებს.

ზელენსკის გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურა. რატი ბრეგაძე ელჩის გაწვევას ღირსების შემლახველ ქმედებად მიიჩნევს. მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში პატიმარ სააკაშვილის ყველა უფლება დაცულია. ბრეგაძემ მეგობარ ქვეყანას რუსული აგრესიის დაწყებიდან დღემდე ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობაც შეახსენა.

დღის ბოლოს, ვოლოდიმირ ზელენსკის მადლობა ფეისბუქის საშუალებით მიხეილ სააკაშვილმაც გადაუხადა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც სტრასბურგიდან უარის მიღების შემდეგ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა, ახლა კვლავ უკრაინელ პოლიტიკოსად პოზიციონირებს და ამბობს, რომ გმირი უკრაინის ამაყ მოქალაქედ რჩება.

დღის ამბები