26 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ დისკუსია განახლდა- როგორ გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი ექსპრეზიდენტის გარემოცვას

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ განახლებულ დისკუსიას, დღეს იუსტიციის მინისტრი პირადად გამოეხმაურა. რატი ბრეგაძე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ თითქოს ყოფილ პრეზიდენტს სათანადოდ არ მკურნალობენ და ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. მინისტრი სააკაშვილის გარემოცვას სპეკულაციების დასრულებისკენ, თავად ექსპრეზიდენტს კი ექიმების რეკომენდაციის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ექსპრეზიდენტის საქმეზე ბრიფინგი დღეს მისმა თანაგუნდელებმაც გამართეს. "ნაციონალური მოძრაობა" კვალავ ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უფრო დამძიმდა, რასაც მისი ვიზუალური მდგომარეობაც ადასტურებს. სწორედ ამ მიზეზით, ოპოზიციური პარტია სააკაშვილს საზღვარგარეთ გადაყვანას ისევ ითხოვს.

ოპოზიციას მმართველი გუნდიდან შეახსენეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში ის ასეულობით ადამიანმა მოინახულა. "ქართულ ოცნებაში" მიხეილ სააკაშვილს დღეს კიდევ ერთხელ ურჩიეს, კვებითი კალორაჟის აღდგენა.

"ვივამედის" კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი დღეს, მისმა ადვოკატმაც მოინახულა. შეხვედრის შემდეგ ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და ის უკრაინაში უნდა გაუშვან. კითხვაზე თუ რატომ არ დაინახა ამის საჭიროება სტრასბურგის სასამართლომ - გვარამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის მხრიდან ევროსასამართლოში სარჩელის გაგზავნა შეცდომა იყო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას დღეს მმართველმა გუნდმაც შეახსენა. კახა კალაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ მიმდინარე აჟიოტაჟი მხოლოდ სპეკულაციაა, რასაც ევროსასამართლოდან მიღებული პასუხიც მოწმობს.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის მიზნით, მისი მხარდამჭერები დღის ბოლოს "ვივამედის" კლინიკასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა მოითხოვეს.

 

 

დღის ამბები