26 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
ხელისუფლებამ, პარლამენტის ჩართულობით, შეასრულა თორმეტივე პრიორიტეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ - ირაკლი კობახიძე

"ზოგადი არსი რომ შევაჯამოთ, ჯამში არის 18 კონკრეტული მოთხოვნა შესასრულებელი, რაც გამოიკვეთა ევროკომისიის ზეპირ ანგარიშში. აქედან, 10 უკავშირდება პრაქტიკის გაუმჯობესებას. ამ თემასთან დაკავშირებით ვერავინ იტყვის, რომ რაღაც არ გავაკეთეთ. რაღაცები გაკეთდა, კანონმდებლობა არსებითად შეიცვალა და ახლა ითხოვენ ამ კანონმდებლობის უკვე პრაქტიკაში სათანადოდ დანერგვას" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 12- პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.

"10 რეკომენდაცია უკავშირდება პრაქტიკის გაუმჯობესებას. 2 რეკომენდაცია უკავშირდება ვენეციის კომისიასთან კონსულტაციებს, უფრო სწორად, ერთი უკვე შესრულდა და ერთია დარჩენილი. თანამდებობის პირთა არჩევას უკავშირდება ერთი რეკომენდაცია- საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრის არჩევაზე. სამოქმედო გეგმის შემუშავება- ეს არის ერთი რეკომენდაცია, ბუნებრივია ეს მიმდინარე პროცესია. კანონის არმიღებას ითხოვენ ორ შემთხვევაში: ეს ეხება დეოლიგარქიზაციას და ეხებოდა ცესკოს საკითხს და ამაზე გვექნება კონსულტაციები. ყველა ეს პუნქტი რომ შევაჯამოთ ბოლოს გარდა, აშკარად ჩანს, რომ რაღაცის არ გაკეთებას არავინ გვედავება.

პრაქტიკაში დანერგვაზეა საუბარი და კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაზე ყველა შემთხვევაში. რაც შეეხება ახალი კანონმდებლობის მიღებას, შემუშავებას, მხოლოდ სამ შემთხვევაში არის ამაზე საუბარი. ერთი ეხება სასამართლოს და როგორც უკვე ითქვა, დაგვჭირდება კონკრეტიკა, აქამდე ვერ მივიღეთ ეს კონკრეტიკა, რაში მდგომარეობს კონკრეტული მოთხოვნები ამ სფეროში. ასევე, ეს უკავშირდება დეოლიგარქიზაციას, ე.წ. სისტემურ მიდგომას. მზად ვართ რა თქმა უნდა, უბრალოდ დაგვჭირდება ამ შემთხვევაშიც კონკრეტიკა და MONEYVAL-ის რეკომენდაციები, როგორც უკვე ითქვა, აქაც დაწყებულია სამუშაო პროცესი და მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება კონსულტაციები" - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები