26 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
საქართველოს პარლამენტი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიას მასპინძლობს

საქართველოს პარლამენტი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიას მასპინძლობს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს, კომიტეტების, ახალგაზრდა პარლამენტართა და ქალ პარლამენტართა ქსელების შეხვედრები გაიმართება, ხოლო სესია, ოფიციალურად 7 ივლისს გაიხსნება.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას საქართველო 2004 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდა. 2021 წელს კი საქართველოს პარლამენტმა ოფიციალური წერილით მიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას ასოცირებული წევრობის თაობაზე, ამ სტატუსს საქართველო სწორედ ღონისძიების ფარგლებში მიიღებს. ღონისძიებაში ასამბლეის წევრი 40-მდე დელეგაცია მონაწილეობს.

ამასთან, ფრანკონფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, აღნიშნული ორგანიზაციაში საქართველოს ასოცირებულ წევრად მიღება.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა. მოხარული და მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის, რომ გვმასპინძლობს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ორგანიზაციაში საქართველოს ასოცირებულ წევრად მიღება იმის გათვალისწინებით, რაც ხდება მსოფლიოში და საქართველოს სამეზობლოში. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ და საპარლამენტო დიპლომატია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში,"-აცხადებს ფრენსის დრუენი.

პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის დავით სონღულაშვილის განცხადებით, აღნიშნულ სესიაზე საქართველოს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებულ წევრად აირჩევენ.

"ძალიან მნიშვნელოვანი სხდომაა, რადგან საქართველოს 20 წელია აქვს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსი და ამ სესიაზე ხდება, ფაქტობრივად, ასოცირებულ წევრად არჩევა, რაც თავისთავად ცხადია წინ გადადგმული ნაბიჯია ფრანგულენოვანი ქვეყნების გაერთიანებაში. ეს თავისთავში გულისხმობს როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას ამ ქვეყნების ფორმატში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია,"-განაცხადა სონღულაშვილმა.

დღის ამბები