26 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში - ირაკლი კობახიძე ზელენსკის განცხადებაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა ომის პირობებში იმყოფება ამ თემაში ღრმად შესვლა არ სურს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია.

"რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ ნაბიჯს, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს, არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში, მაგრამ ზოგადად ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელი იყო ისიც, რომ როგორც თავადვე აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში და დღეს, როდესაც იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს, თუმცა ამაზე ღრმად მე არ მინდა შევიდე.

ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთხოვს.

დღის ამბები