26 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
22 მომხრე, 33 წინააღმდეგი - რატომ დაადო პრეზიდენტმა ვეტო კანონს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ, რომელიც უმრავლესობამ უკვე დაძლია

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებზე უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, თუმცა ალექსანდრე რაქვიაშვილი ირწმუნებოდა, რომ სხდომათა დარბაზში პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა არ იყო. 22 მომხრე, 33 წინააღმდეგი - პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა არ გაიზიარა. ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონპროექტს კენჭი უკვე პირვანდელი სახით უყარეს. თავდაპირველად მიღებულ ვერსიას 78 მომხრე და 14 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა წარუდგინა. ზურაბიშვილი პარლამენტს, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრებს არანაკლებ 90 ხმით არჩევას სთავაზობდა. პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა კანონის ის ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც საკონკურსო კომისიას არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.

მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ხელი არ მოაწერა, ოპოზიციისთვის გასაგები და მისაღებია. ხელისუფლების ოპონენტებს სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანთან შეკითხვები, ძირითადად, ვეტოს დაძლევის შემდეგ, მის გეგმებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პასუხის შემდეგ გამოსვლები ფრაქციების ფორმატში დაიწყო. 4 საათიანი განხილვის მიწურულს ტრიბუნა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დაიკავა, რომელმაც ოპოზიცია ინსტიტუციური კრიზისის ხელოვნურად შექმნაში დაადანაშაულა. 15 წუთიანი სიტყვა, გამოიყენა ოპოზიციამაც.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისთვის გაუგებარია, რატომ არ გაიზიარა მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები. გიორგი მსხილაძე ირწმუნება, რომ მიღებული გადაწყვეტილება ევრო რეკომენდაციების შესრულების პროცესს შეაფერხებს.

ვეტოს დაძლევის საკუთარი არგუმენტები ჰქონდა მმართველ პარტიას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ცესკოს გარშემო პოლიტიკურ ვაჭრობას დაასრულებს.

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო 26 ივნისს დაადო.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები