26 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
"გირჩი - მეტი თავისუფლება", კოლეგებს უმოქმედობის გამო აკრიტიკებს - პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ 7-9 მარტის აქციების დროს, უსუსურობა გამოავლინა

"გირჩი - მეტი თავისუფლება", კოლეგებს უმოქმედობის გამო აკრიტიკებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ 7-9 მარტის აქციების დროს უსუსურობა გამოავლინა და საპროტესტო მუხტის მართვა ვერ შეძლო. დემონსტრანტების მხრიდან, მისი აზრით ლეგიტიმურად, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას, პოლიტიკური სპექტრის უკანდახევა მოჰყვა. რამაც მთავარი მიზნის მიღწევა შეაფერხა. კობერიძე ხელისუფლების ოპონენტებს, მძიმე დანაშაულში ბრალდებული მომიტინგეების მიტოვების გამოც აკრიტიკებს.

კობერიძის მოსაზრებას, ოპონენტების საერთო მიზანს უკავშირებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და მის განცხადებებს მორიგ აღიარებად და თვითლუსტრაციად აფასებს. ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკურად გაკოტრებული ძალები ხელისუფლების ხელში ჩაგდების ერთადერთ საშუალებას ძალადობის სტიმულირებაში ხედავენ, რასაც სახელმწიფო არასდროს დაუშვებს.

ყოფილი თანაგუნდელის მოსაზრებას ახალი პოლიტიკური ცენტრ "გირჩის" წევრები გაემიჯნნენ. დეპუტატების აზრით, მარტის აქციების პრივატიზების მცდელობა არასწორია. რაც შეეხება ძალადობრივ ქმედებებს, "გრიჩი" ამ საკითხზე პასუხისმგებლობის აღებას ხელისუფლებისთვის სასარგებლო ნაბიჯად მიიჩნევს.

კობერიძის მოსაზრებას, სრულად, არც სხვა ოპოზიციურ პარტიებში იზიარებენ. ამბობენ, რომ საპროტესტო ტაქტიკა ხელისუფლების ოპონირების ერთი ნაწილია, ცვლილებები კი საარჩევნო ურნასთან უნდა გადაწყდეს.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენელს საპარლამენტო უმრავლესობიდანაც უპასუხეს. კანონმდებლების აზრით, ოპოზიცია მზადაა ქაოსისა და არეულობის მოსაწყობად სისხლის ღვრასაც არ მოერიდოს. დეპუტატებმა დღეს დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართეს და მოუწოდეს, რომ ოპოზიციის საფარქვეშ არსებული ენჯეოებისთვის თანხების მიცემის დროს მის მიზნობრიობაზე დაფიქრდნენ.

7-9 მარტის მოვლენებს თბილისში სამთავრობო ინფრასტრუქტურისა და პოლიციის ინვენტარის დაზიანება მოჰყვა. დაიწვა პოლიციის მანქანები და დაშავდნენ სამართალდამცველებიც.

დღის ამბები