26 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
სამდღიანი უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შედეგად, სოფელ მარელისთან, მეწყერში მოყოლილი 77 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.

სამდღიანი უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შედეგად, სოფელ მარელისთან მეწყერში მოყოლილი 77 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილის ნათესავები კურიერს უყვებიან, რომ იური ქურდაძე პირველ ივლისს, საღამოს პირუტყვის მოსაძებნად წავიდა. მამაკაცი მარელისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როცა უხვი ნალექის შედეგად მთა ჩამოიშალა და იური ქურდაძე მეწყერმა მოიყოლა.

იური ქურდაძეს მეხანძრე-მაშველები დრონებითა და მეძებარი ძაღლებით, კინოლოგებთან და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად თითქმის 60 საათის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკაც.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისთან მეწყერი 1 ივლისს, ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწვა. სტიქიის გამო ფერდობიდან ცენტრალურ სარკინიგზო ლიანდაგზე მიწის მასა ჩამოიშალა და ელექტროსადენები, ლიანდაგები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დააზიანა. კომპანიამ კი მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, მატარებლების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ორდღიანი ლოდინის შემდეგ დასავლეთ საქართველოსკენ სარკინიგზო მიმოსვლა დღეს 17:00 საათზე აღდგა. ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა რაც სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა.

სტიქიას სოფელში არსებული საცხოვრებელი სახლები არ დაუზიანებია. მარელისის რკინიგზის სადგურზე კი ლიანდაგების სრულად გაწმენდა და საკონტაქტო ქსელის აღდგენა უკვე მოხერხდა.

 

დღის ამბები