26 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იტალიური სერიალი "რვაფეხა" რუსთავი 2-ის" ეთერში ბრუნდება

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იტალიური სერიალი „რვაფეხა“ რუსთავი 2-ზე ბრუნდება. ბლოკბასტერი, რომლის პირველი სერიაც 1984 წელს გამოჩნდა 10 სეზონი გაგრძელდა - 80-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა და მილიონობით მაყურებელმა ნახა. სერიალი საეტაპო მნიშვნელობის აღმოჩნდა იტალიური ტელევიზიის ისტორიაში. "რვაფეხამ" თითქოს მოშალა ზღვარი კინოსა და სატელევიზიო პროდუქტს შორის. აქედან იწყება ეტაპი, როცა კინოინდუსტრიის მთავარმა ფიგურებმა სატელევიზიო პროდუქტზე მუშაობა აქტიურად დაიწყეს. საკულტო სერიალს სხვადასხვა სეზონზე 4 გამორჩეული დამდგმელი რეჟისორი ჰყავდა. ნამუშევრის ერთ-ერთ მთავარ ხიბლად ორიგინალური მუსიკა იქცა, რომელიც სამმა კომპოზიტორმა დაწერა, მათ შორის ლეგენდარულმა ენიო მორიკონემ. სერიალს, რომელსაც სტატისტიკურად ყოველი მეორე იტალიელი უყურებდა საქართველოშიც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

სერიალის სათაური გამოხატავს მაფიას და მის საცეცებს, რომელიც ყველგან აღწევს და ანადგურებს ყველაფერს, რაც გზად ხვდება. ნამუშევრის სავიზიტო ბარათად ორგანიზებული დანაშაულის, ძალადობის, გამეფებული კორუფციისა და გულგრილობის უკიდურესად რეალისტური ასახვა იქცა.

მთავარი გმირი პოლიციის კომისარი კორადო კატანი სატელევიზიო სერიალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელ და საყვარელ გმირია. სერიალი მაყურებელს ნელ-ნელა სიცილიური მაფიის ლაბირინთებში ითრევს და იმ კაცის ამბის თანამონაწილედ აქცევს, რომელსაც მთელი სისტემა უპირისპირდება.

ამ პერსონაჟმა მთავარი როლის შემსრულებელ მიკელე პლაჩიდოს საყოველთაო აღიარება მოუტანა. როგორც ცნობილია, მას არ სურდა მაყურებელს მხოლოდ ამ როლით დამახსოვრებოდა და თავად მოითხოვა სერიალში საკუთარი პერსონაჟის მოკვლა. თუმცა სერიალის პირველი გამოჩენიდან თითქმის 40 წლის შემდეგაც ის მსოფლიო მაყურებლის მეხსიერებაში მაინც კორადო კატანის როლის შემსრულებლად დარჩა

"რვაფეხა" სატელევიზიო პრემიერიდან თითქმის 40 წლის შემდეგაც არ თმობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი იტალიური სერიალის სტატუსს - იტალიური დრამა "რუსთავი 2-ის" მაყურებელს 3 ივლისიდან, ყოველ საღამოს, 11:00 საათზე ელოდება ერთგულ მაყურებელს.

ავტორი:ზაკ მირიანაშვილი

დღის ამბები