პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა. მე-10 საშეჯიბრო დღეს, ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური ტურნირის ფინალში, რომელიც ამავდროულად ევროპის გუნდური ჩემპიონატიცაა, გერმანიას დამაჯერებლად 4:1 მოუგეს და ჩემპიონობა იზეიმეს.
საქართველოს ნაკრები ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ხორვატიას 4:1 მოუგო და 1/4-ფინალში იგივე ანგარიშით თურქეთის ნაკრები დაამარცხა. ნახევარფინალში კი ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას, დაძაბულ ბრძოლაში, 4:3 აჯობეს. თავ-თავიანთი შეხვედრები სოფიო სომხიშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა და გურამ თუშიშვილმა მოიგეს.
ევროპული თამაშების ბოლო დღეს, ქართველმა კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ ფინალში უკრაინელი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს მორიგი მედალი კი ლაშა გურულმა მოუტანა. ფინალური შეხვედრა ქართველმა მოკრივემ მოქმედ ჩემპიონთან 4:1 დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მანამდე კი გურულმა ესპანელი, სლოვაკი, ბულგარელი და უნგრელი სპორტსმენები დაამარცხა. მესამე ევროპულ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობას კულტურის სპორტის ა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა.
ამ დროისთვის ევროპულ თამაშებზე ქართულ დელეგაციას 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს და მე-19 ადგილზეა. მესამე ევროპული თამაშები პოლონეთში დღეს დასრულდება.