26 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
სახელმწიფო ქალაქებისა და კურორტების განვითარების მასშტაბურ პროგრამას იწყებს-სარეაბილიტაციო სამუშაოები, პირველ ეტაპზე 10 მუნიციპალიტეტში ჩატარდება

სახელმწიფო ქალაქებისა და კურორტების განვითარების მასშტაბურ პროგრამას იწყებს. პირველ ეტაპზე სამუშაოები 9 ქალაქში დაიწყება. იმერეთში, კონკრეტულად კი ქუთაისში განახლდება ქალაქის ისტორიული არეალი და ბოტანიკური ბაღი. ლადო მესხიშვილის თეატრს კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. განახლდება წყალტუბოს ცენტრალური პარკიც, მოეწყობა ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი პროექტები მეტ ტურისტს მოიზიდავს, რაც ქალაქების ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

სამუშაოები დაგეგმილია კახეთში. თელავში განახლდება ბატონის ციხე და მიმდებარე ტერიტორია. კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრს. სახელმწიფო რწმუნებული ამბობს, რომ პროგრამის განხორციელების შემდეგ, ქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრები შეიქმნება.

პროგრამა, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს, პრემიერ მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება. პირველ ეტაპზე შერჩეულია 10 მუნიციპალიტეტი და 11 მდებარეობა. განახლდება ბორჯომის ისტორიული ნაწილი და ცენტრალური პარკი, მოეწყობა ზუგდიდის ახალი ბულვარი და ბათუმის ისტორიული ნაწილი. პროექტი, რომელიც 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება, ითვალისწინებს ყაზბეგის, ბაკურიანის და მესტიის მუნიციპალიტეტების ისტორიული არეალების განახლებას.

ახალ პროგრამასთან დაკავშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალები უკვე გააცნო.

კურორტებისა და ბალნეოლოგიური სექტორის განვითარებაზე აკეთებენ აქცენტს ეკონომიკის სამინისტროში. ვიცე-პრემიერი კურორტების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის არსებულ კონკრეტულ მიმართულებებზე საუბრობს.

კურორტებსა და ქალაქებში, ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით, პროექტებზე ტენდერი ივლისში გამოცხადდება.

დღის ამბები