ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ამასთან, ბრალდებულის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ ცნობს და ელოდება ექსპერტიზის დასკვნას.
"ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ საერთოდ არ გამოეყენებინათ აღმკვეთი ღონისძიება სასამართლოს, ან ალტერნატივის სახით გამოეყენებინათ გირაო და სხვა შემზღუდავი სახის ღონისძიებები, თუმცა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა და გამოიყენა პატიმრობა. ბრალდებული ესწრებოდა სხდომას, მან დააფიქსირა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ ადგილი აქვს ცილისწამებას, თქვა, რომ ყველაზე მეტად ის არის დაინტერესებული შედეგით, რათა დადგინდეს ექსპერტიზის დასკვნით მისი უდანაშაულობა. ის კატეგორიულად აცხადებს, რომ მას არანაირი შეხება ამ ბავშვთან არ ქონია და არ ჩაუდენია ის დანაშაული, რაც მას ბრალად შეერაცხა,"-აცხადებს ბაჩუკი ყურაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 43 წლის კაცი 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, არასრულწლოვანი 4 თვის ორსულია.