26 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
სადგურ მარელისში მეწყერმა დააზიანა საკონტაქო ქსელი და ლიანდაგები, მოძრაობის აღდგენის მოუხედავად, მიზანშეწონილი არ არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე - "საქართველოს რკინიგზა" 

"საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, სადგურ მარელისში, უხვმა ნალექმა და უამინდობამ გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა. მათივე ცნობით, მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქო ქსელი და ლიანდაგები, რის გამოც უცნობია სარკინიგზო მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო.

ამასთან, კომპანიის განცხადებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, ამასთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მოუხედავად, მიზანშეწონილი არ არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე.

შესაბამისად, სტიქიის გამო, რეისს ვერ შეასრულებენ და დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავლენ შემდეგი მიმართულებით მოძრავი მატარებლები: თბილისი-ბათუმი(#804), თბილისი-ფოთი (#874), ბათუმი-თბილისი (#801), ბათუმი-თბილისი (#807), ზუგდიდი-თბილისი (#869), ბათუმი-ერევანი (#201).

კომპანიის გადაწყვეტილებით, მომხდარის გამო, ზემოთჩამოთვლილი მიმართულებით მოძრავი მატარებლები პირველივე ახლო მდებარე სადგურებში გაჩერდებიან, რათა მგზავრებმა სურვილისამებრ შეძლონ მატარებლებიდან ჩამოსვლა. საქართველოს რკინიგზა ყველა რეისის საწყის სადგურზე დაბრუნებას უზრუნველყოფს. სურვილისამებრ მგზავრებს შეეძლებათ მატარებლებით საწყის სადგურებში დაბრუნება. კომპანია მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს მგზავრობის საფასურს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მატარებლების შეყოვნებები გამოწვეულია დასავლეთში არსებული უამინდობისა და უხვი ნალექის გამო“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.

დღის ამბები