26 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ერთწლიანი ანგარიში და ოპოზიციის კრიტიკა - როგორ აფასებენ დეპუტატები პრემიერის მოხსენებას

"ტრადიციულად, ამ ანგარიშმა ჩაიარა ისე, რომ მთავრობას ჰქონდა ბევრი სათქმელი ხალხისთვის, ოპოზიციას არაფერი" - ასე შეაჯამა 12-საათიანი განხილვა პარლამენტის თავმჯდომარემ. სპიკერის სავარძლიდან კარგად ჩანდა ოპოზიციის ცარიელი სკამებიც, ეს კი შალვა პაპუაშვილმა იმით ახსნა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს მთავრობის საქმიანობის საწინააღმდეგო არგუმენტები არ ჰქონდათ.

სხდომა, რომელზეც პრემიერის წლიური ანგარიში განიხილებოდა, ჯერ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვა, დებატების დაწყების შემდეგ კი სხვებმაც. მანამდე, მოუსმინეს ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენებას, დასვეს შეკითხვები, თუმცა უმეტესობა პასუხებს აღარ დაელოდა. მათი შეფასებით, ოპოზიციის მიმართ მთავრობის მეთაურის კრიტიკა პოლარიზაციის და რადიკალიზაციის გაღვივებისკენ იყო მიმართული.

დესტრუქციულ მიდგომაში ოპონენტებს ადანაშაულებს "ქართული ოცნება". უმრავლესობის აზრით, ოპოზიცია მხოლოდ პერსონალური შეურაცხყოფის რეჟიმში იყო და არა საქმიან ფორმატში.

მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვას ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია - იყო ხმაური, სიტყვიერი დაპირისპირება და საპასუხო კრიტიკა ოპონენტების გამოსვლებზე.

პოლიტიკურ დებატებში პრემიერის უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი კობახიძემ, რომელიც ტრიბუნასთან ბოლო გამომსვლელი იყო. უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციის მხრიდან დასმულ შეკითხვებზე სტატისტიკაც შეადგინა, რომელმაც მისი განმარტებით აჩვენა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები არ აინტერესებთ.

საპასუხო მადლობა პრემიერმა პარლამენტის წევრებს უკვე შემაჯამებელ სიტყვაში უთხრა. მთავრობის ანგარიშის განხილვა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლით დასრულდა.

პრემიერ-მინისტრის ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ ბოლო საკითხი იყო, რომელიც პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე განიხილა. ღარიბაშვილის სიტყვის შემდეგ, სესია საქართველოს ჰიმნით დაიხურა.

დღის ამბები