26 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
"მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში, საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა, მე ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო" - ნიკა გვარამია პრეზიდენტზე

რუსთავის N12-ე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, ნიკა გვარამიამ კომენტარი გააკეთა იმ ვიდეოებზე, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და ამისთვის ბოდიში მოიხადა.

ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ ეს შეცდომა იყო და არ აპირებს საკუთარ შეცდომაში გაჯიუტებას, თუმცა ასევე მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს, ნუ გაჯიუტდება საკუთარ შეცდომაში და გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"მე არ ვაპირებ გაჯიუტებული ვიყო ჩემს შეცდომაში - ის ვიდეოები, რომელსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ გამოიყენებენ ამ დღეების განმავლობაში მის წინააღმდეგ - მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში, საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა, მე ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო. თუმცა, არ შემიძლია არ ვთქვა ის, რომ არც ის უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, უფრო სწორად, მან უნდა გაათავისუფლოს ის.

უნდა გვესმოდეს ყველას, რომ როდესაც ქვეყანაში არსებობს, მინიმუმ, 500 000 ადამიანი, რომელიც მიიჩნევს სამართლიანად, რომ მათთვის სახელმწიფოებრიობასთან ასოცირებული მთავარი პირი არის მძევალი, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება და, მითუმეტეს, დეპოლარიზაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს როგორც პრეზიდენტს, ნუ გაჯიუტდება თავის შეცდომაში და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები