1-ელ ოქტომბერს საქართველო, Starring Georgia-ს ფარგლებში, ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე "დინამო არენაზე" წარდგება.
15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა.
ამერიკელი მუსიკოსის, მომღერლისა და მულტინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი "Doo-Wops & Hooligans" მაშინვე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა, რაც მის მომდევნო ტურნეებზეც დადასტურდა.
ქართველ მსმენელს მისი მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia- ს ფარგლებში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეეძლება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი 20 ივნისს იქნება.
Starring Georgia პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი "თანავარსკვლავედის" მასპინძელი გახდება.
ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.