26 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ფიზიკურად შეუძლებელია კახოვკას ჰესის აფეთქება გარედან დაბომბვით, ის დანაღმული იყო და რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს - სერგეი კისლიცა

კახოვკას კაშხალის გარღვევა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შეკრების მიზეზი გახდა. შესაბამისი მოთხოვნით საბჭოს უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა მიმართეს. მომხდარში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, სერგეი კისლიცამ ჰესის აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო მსხვერპლისა და განადგურების გამოწვევა.

"ეს არის ტერორისტული აქტი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომლის მიზანია რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო მსხვერპლისა და განადგურების გამოწვევა. გადამწვარი მიწის, ან ამ შემთხვევაში დატბორილი მიწის ტაქტიკის გამოყენებით, რუსმა ოკუპანტებმა ფაქტობრივად აღიარეს, რომ ოკუპირებული ტერიტორია მათ არ ეკუთვნით და ამ მიწებს ვერ იკავებენ. რუსეთი წელიწადზე მეტია აკონტროლებს კაშხალს და მთელ კახოვკას ჰესს, ფიზიკურად შეუძლებელია მისი როგორმე აფეთქება გარედან დაბომბვით, ის დანაღმული იყო და რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს.

ჩვენ ვხედავთ იგივე ტექნიკას - მსხვერპლს საკუთარ დანაშაულში ადანაშაულებენ. მცირე შანსია, რომ ქვეყანამ, რომელმაც უარყო თავისი ომის დანაშაულები მარიუპოლში, ბუჩაში, იზიუმში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, აღიაროს პასუხისმგებლობა ამ კატასტროფაზე," - ამბობს სერგეი კისლიცა.

რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ვასილი ნებეზია კი კიევის დივერსიაზე საუბრობს.

"კიევის მიერ განხორციელებულ დივერსიას ორი აშკარა მიზანი აქვს, პირველი არის მაქსიმალური ყურადღების მიპყრობა, რათა შეიქმნას ხელსაყრელი შესაძლებლობები მისი ქვედანაყოფების გადაჯგუფებისთვის, რათა გააგრძელოს საზოგადოდ გავრცელებული კონტრშეტევა, რომელიც აშკარად ჩაძირულია და დასახულ მიზნებს ვერ აღწევს.

მეორე მიზანია, მაქსიმალური ჰუმანიტარული ზიანის მიყენება უზარმაზარი ტერიტორიების მოსახლეობაზე, რაც გარდაუვალია წყლისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ძირითადი ობიექტის განადგურების შედეგად.

2022 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩვენ გავავრცელეთ, გაეროს უშიშროების საბჭოს ოფიციალური დოკუმენტი, შეტყობინება კიევის რეჟიმის მუდმივი გეგმების შესახებ, რომ გაენადგურებინათ კახოვკას ჰესი.

სამწუხაროა, რომ ჩვენი მოწოდებები გენერალური მდივნისადმი, გაეკეთებინა ყველაფერი რათა ეს შემზარავი დანაშაული აღეკვეთა, სათანადოდ არ იქნა გათვალისწინებული," - ამბობს ვასილი ნებეზია.

დღის ამბები