26 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება - როგორ აფასებენ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს ისინი საფრთხედ მიიჩნევენ.

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს.

"ამ რეჟიმის მოშორების გარეშე, ჩვენ გვაქვს უამრავი საფრთხე. ეჭვმიტანილია ეს რეჟიმი ყველა სფეროში საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაში, მაშინ, როდესაც ეს სჭირდება ხოლმე მათი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ყველაფერს აკეთებენ ხოლმე ამისთვის," - აცხადებს გიგა ბოკერია.

სიახლით კმაყოფილია მმართველი გუნდი.

"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს სახელმწიფომ შესთავაზა ჩვენს თანამემამულეებს რომ უფრო გამარტივებული პროცედურით დაიბრუნონ ამ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა. ეს არიან ჩვენი დები და ძმები, რომლებსაც თუ სურთ საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება და ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის მიღება, რა თქმა უნდა, ისინი უკან უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს მათი ინტეგრაცია ჩვენს საზოგადოებაში," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი ეკა სეფაშვილი.

ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან 6 თვემდე მცირდება. გარდა ამისა ნახევრდება მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების დადგენილი 10-წლიანი ცენზიც. ეს კონკრეტული პუნქტი საერთაშორისო, კერძოდ კი - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებად ითვლება.

დღის ამბები