26 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ევროატლანტიკური მისწრაფება, რის გამოც რუსეთი მეზობლებს სჯის - რას ამბობენ ევროპელი ლიდერები

"პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, ეს უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილებაა" - ევროკომისიის პრეზიდენტმა ეს განცხადება უსაფრთხოების გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავაში ის თქვა, რაც იმავე ფორუმზე ერთი დღით ადრე პრემიერმა ღარიბაშვილმა. ევროკომისიის პრეზიდენტი ერთადერთი ევროპელი ლიდერი არ იყო, რომელმაც ქვეყნების მხრიდან ნატოში გაწევრიანების სურვილი რუსულ საფრთხეებთან დააკავშირა. თითქმის იგივე თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმაც და კონკრეტულად ახსნა, თუ როგორ გახდა უკრაინა და საქართველო ამ სურვილის გამო რუსეთის შურისძიების სამიზნე.

რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინასთან ომი? მოდერატორის შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა გუშინ უპასუხა და ირაკლი ღარიბაშვილმაც ერთ-ერთ მიზეზად, ნატო და ალიანსის გაფართოება დაასახელა.

ევროკომისიის პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებების თანხვედრაზე აკეთებს აქცენტს მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლაში მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ რუსეთი უკრაინას არა მხოლოდ ნატოს გაფართოების საფრთხის გამო დაესხა თავს, არამედ მისთვის პრობლემა ევროპული მისწრაფებაცაა.

ხელისუფლების ოპონენტები ევროპელი ლიდერების და მთავრობის მეთაურის განცხადებებში თანხვედრას ვერ ხედავენ. ამტკიცებენ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დაწყების სხვა მიზეზები დაასახელა.

ოპოზიციის მიდგომა მმართველი პარტიისთვის ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია. სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ ოპონენტების შეფასება მათი გეგმის, ანტი სახელმწიფოებრივი პიარის ნაწილია.

"ქართული ოცნების" განმარტებებს ადრესატები არ იზიარებენ. ოპოზიციის ნაწილმა კითხვებზე პასუხის გასაცემად საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მეთაურის მისვლა მოითხოვა. მოთხოვნას ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და ოპოზიცია
დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა. პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერის განცხადება "ტვიტერზეც" განმარტა.

30 ივნისი ეს თარიღი დასახელდა დღეს ბიუროს სხდომაზე, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე წარდგება.

დღის ამბები