26 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
24 საათი ქვეყნის სამსახურში, უსაფრთხოება, სახელმწიფო საზღვარი, საზოგადოებრივი წესრიგი და ბრძოლა კრიმინალთან - ქართული პოლიცია 125 წლის გახდა 

ქართული პოლიცია 125 წლისაა, სწორედ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პარალელურად ჩამოყალიბდა პირველი შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გამართულ ყველა ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს. საკუთარი დღე პოლიციელებმა რომლებსაც 24 საათის რეჟიმში უწევთ მოქალაქეების დაცვა და კრიმინალთან ბრძოლა, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აღნიშნეს. დღეს უწყების სხვადასხვა დეპარტამენტების ასეულობით თანამშრომელმა, ქვეყნის პირველი პოლიციელის, მთავრობისა და უცხოელი დიპლომატების წინაშე მარშით ჩაიარა და მათგან ღირსეული სამსახურისთვის მადლობა მიიღო.

ხშირად, საკუთარი სიცოცხლის ფასად, 24 საათიან რეჟიმში საქართველოს მოქალაქეების დაცვა-ეს იყო მთავარი გზავნილი რომელიც ერთმანეთის მიყოლებით პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ქვეყნის პირველი პირებისგან მიიღეს. მასშტაბური რეფორმები, პოლიციელებისთვის შექმნილი სოციალური პაკეტი, 30 პროცენტით გაზრდილი შრომის ანაზღაურება და 1000-მდე ბინა, რომელიც უწყების თანამშრომლებს გადაეცემა - მთავრობა პირობას დებს ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც ძალოვნები მიიღებენ. კახეთის გზატკეცილზე დღეს კიდევ ერთი გზავნილი ისმოდა - მადლობა საერთაშორისო პარტნიორების მისამართით პროექტების მხარდაჭერისთვის და ქართული პოლიციის დასავლურ სტანდარტებზე გადასვლის გზაზე გაწეული დახმარებისთვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, თანამშრომლები, რომლებმაც თავიანთი საქმიანობის შედეგად, მათ შორის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, არაერთი ადამიანი გადაარჩინეს, ეფექტიანად აღკვეთეს დანაშაული, გახსნეს კრიმინალური ფაქტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სახის მედლით დააჯილდოვა და მათ პროფესიული დღე მიულოცა.

დღის ამბები