ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანია პაციენტები დროულად ჩაერთონ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაში ინსულტის, თავის ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობების კომპლექსურ სარეაბილიტაციო მკურნალობას რამდენიმე თვეა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს- ამის შესახებ სოფო შაგიძემ განაცხადა.
პროგრამის პროვაიდერი კენ ვოლკერის კლინიკის მოზრდილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, რადგან ამ დიაგნოზების მქონე ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობების განვითარების დიდი რისკის წინაშე დგანან, პროგრამის დაფინანსება და ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ხანდაზმულების, ასევე ახალგაზრდებისთვის.
"ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია გულისხმობს ყველა იმ პრობლემის აღდგენას ან იმ დონემდე მიყვანას, რომ პაციენტმა შეძლოს დამოუკიდებლად არსებობა- საკუთარი თავის მოვლა, სოციუმში დაბრუნება. რაც შეეხება უშუალოდ რეაბილიტაციის პროცესს, ეს არის სხვადასხვა სპეციალისტების გუნდურად მუშაობა. თუ პაციენტს აქვს სხვა, თანმდევი დაავადებები, ნევროლოგებს ჩვენი სხვა კოლეგებიც გვეხმარებიან. კომპლექსურ მკურნალობაში ჩართულები არიან ასევე ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტები, ენის და მეტყველების თერაპევტები, ფსიქოთერაპევტები, ჰიდრო თერაპევტები. როცა ყველა ეს ადამიანი მუშაობს, გაცილებით რეალურია სასურველი შედეგების მიღწევის შესაძლებლობა",- აცხადებს სოფო შაგიძე.
მისივე თქმით, კენ ვოლკერის კლინიკაში ასევე არსებობს რობოტოტექნიკის რესურსი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ინსულტის, თავის ტვინის და ზურგის ტვინის დაზიანების დიაგნოზის მქონე პაციენტების მდგომარეობის აღდგენაში.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოში, ყოველწლიურად, 6000-მდე პაციენტი შეძლებს ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისთვის საჭირო კომპლექსური მკურნალობის ჩატარებას.
პროგრამაში ჩართვის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა, დიაგნოზი არ იყოს დასმული არაუმეტეს 24 თვისა, რადგან პაციენტებს დიაგნოზის დასმიდან 2 წლის პერიოდში აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსება.
რაც შეეხება სახელმწიფოს დაფინანსებას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარეაბილიტაციო მკურნალობისთვის 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პაციენტები, დევნილები, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლები, მასწავლებლები და სახალხო არტისტები; 90%-იან დაფინანსებას მიიღებენ პენსიონერები და ვეტერანები; მკურნალობა 80%-ით დაუფინანსდებათ შშმ სტატუსის მქონე პაციენტებს და სტუდენტებს. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პაციენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ როგორც კენ ვოლკერის კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე 211 20 20, ისე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე 1505. კლინიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.