26 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
რატომ არ ურიცხავს საქმის მოგების მიუხედავად Credit Suisse თანხას ბიძინა ივანიშვილს - "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკურ შანტაჟზე საუბრობენ

926 მილიონი დოლარი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ - ასეთია სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შვეიცარიულ ბანკს 26 მაისს დაეკისრა. მანამდე იყო ბერმუდა, სადაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაზარალებულად ასევე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ცნო და ბანკის ტრასტს 607 მილიონის გადახდა მოსთხოვა. მიუხედავად ამისა, საფინანსო ინსტიტუტი ვალდებულებების შესრულებას კვლავ გაურკვეველი მიზეზებით აჭიანურებს. ბიზნესმენის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ ტრასტის დაშლის შემთხვევაში, მათ კლიენტს აქტივების განაწილების დროს პრობლემა აღარ შეექმნება.

პოლიტიკური შანტაჟის კლასიკური მაგალითი - ასე აფასებს მმართველი გუნდი ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის მოქმედებას. კანონმდებლები ამბობენ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმის გამო ისჯება, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ მიდის და რომ ტრანზაქციებზე წვდომის შეზღუდვას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რაც საერთაშორისო არბიტრაჟებშიც დადასტურდა.

"კრედიტ სუისისა" და ბიძინა ივანიშვილის დავაში პოლიტიკურ მდგენელს ვერ ხედავს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები აქცენტს კერძო სუბიექტებს შორის არსებულ გაუგებრობაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ივანიშვილისთვის ქონების დაბრუნების მიზეზი შვეიცარიული ბანკის გაკოტრებაა.

შვეიცარიული საფინანსო გიგანტის ტრასტების მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებულ ქმედებას თაღლითობის ქრესტომათიულ ნიმუშს უწოდებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უკვე მეორე წელია გარკვეული ძალები ივანიშვილისგან ამ ფორმით პოლიტიკაში დაბრუნებას და ქვეყნისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ, თუმცა, მათი თქმით, ამ სურვილს განხორციელება არ უწერია.

ბიძინა ივანიშვილსა და "კრედიტ სუისის" ტრასტებს შორის სამართლებრივი დავა უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. ბიზნესმენს ამ დრომდე, გაურკვეველი მიზეზით, კუთვნილ 2 მილიარდამდე ფინანსური აქტივების განკარგვის უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილებების მიუხედავად, ეზღუდება.

დღის ამბები