ბოლო 24 საათში უკრაინაში საჰაერო განგაში მინიმუმ 10-ჯერ გამოცხადდა. დღის მეორე ნახევარში კიევის მიმართულებით ოკუპანტებმა 11 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ყველა მათგანი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა. ნამსხვრევებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანეს, დაშავდა 1 მშვიდობიანი მოქალაქე.
აგრესორის ინტერვენციის 460-ე დღეს, უკრაინის დედაქალაქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა გვიან ღამით დაიწყო. რუსმა ჯარისკაცებმა კიევს მაშინ შეუტიეს, როცა მოსახლეობა ქალაქის დაარსების დღეს აღნიშნავდა. შეტევა კომბინირებული იყო. ოკუპანტებმა დრონები და ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 40-ვე საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.
რუსული რაკეტების ნაწილი აფეთქდა, ლვოვის, ხერსონის და ხარკოვის ოლქებში. ერთ-ერთმა საცხოვრებელი სახლი ფაქტობრივად სრულად გაანადგურა. მძიმედ დაშავდა 7 ადამიანი. მათ შორის 14 და 10 წლის ბავშვები. ექიმების განცხადებით, დაშავებულთა მდგომარეობა კრიტიკულია.
შეტევას შეტევით უპასუხეს უკრაინელმა სამხედროებმა ბელგოროდის მიმართულებით. წერტილოვანი დარტყმები ოკუპანტების დისლოკაციის ადგილზე განხორციელდა. აფეთქებულია რამდენიმე საწყობი. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, განადგურებულია აგრესორის მძიმე ტექნიკა, საარტილერიო სისტემები და რამდენიმე ჯავშანმანქანა მარიინკას, ავდიივკას და ბახმუტის მიმართულებით.
რაც შეეხება კიევის მასშტაბურ ოპერაციას, ის უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამაზე უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური საუბრობს. მანამდე მინიშნება გააკეთა ალექსეი დანილოვმაც. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ ივნისი განსაკუთრებით ცხელი იქნება.