26 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
საქართველოს დელეგაცია პემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს ბრატისლავაში შეკრებილ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად განიხილავს

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა, თურქეთისა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროპაში მოკავშირეთა არმიის ყოფილი ხელმძღვანელი ფილიპ ბრიდლავი, ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია და პუტინის ყოფილი პატიმარი, ოლიგარქი ხადარკოვსკი - ეს სპიკერების მცირე ჩამონათვალია. 

სლოვაკეთის დედაქალაქში ჩასულია ქართული დელეგაციაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ მონაწილეობას ერთ-ერთ თემატურ დისკუსიაში მიიღებს სახელწოდებით: თბილისის ორი ნაბიჯი - წინააღმდეგობა გაუწიოს მოსკოვს თუ დაუბრუნდეს ბრიუსელს?

გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, განხილვის ძირითადი თემა რუსეთ-უკრაინის ომი, მოსკოვის აგრესიის გამო ევროპის შეცვლილი უსაფრთხოების არქიტექტურა და ეკონომიკური გამოწვევებია. რამდენიმე პანელი დაეთმობა ევროკავშირის გაფართოების საკითხებსაც. ბრატისლავაში შეკრებილი პირველი პირები იმსჯელებენ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზეც.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს გამოსვლა თემატურ პანელზე, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებზე. საერთო დისკუსია გაიმართება უსაფრთხოების თემებზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე. წელს გლობსეკი არის უპრეცედენტო, დაახლეობით ათასზე მეტი მონაწილეა 65 ქვეყნიდან. შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი ფორუმი, სადაც საქართველოს შეუძლია თავისი პრიორიტეტების ლობირება. ამ ეტაპზე კი ეს არის ევროკავშირში წევრის სტატუსის მიღება მიმდინარე წელს და გაწევრიანების საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყება," - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთში, რევაზ ბეშიძე.

დღის ამბები