26 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
რეჯეფ თაიფ ერდოღანის 20 წლიანი მმართველობა გრძელდება - მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების შემდეგ ერდოღანმა თურქეთის პრეზიდენტის პოსტი მესამედ დაიკავა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტი მესამე ვადით გახდა. დაძაბული საარჩევნო მარათონის და მეორე ტურის დასრულების შემდეგ, გამარჯვების აღნიშვნა ჯერ კიდევ ღამით, ხმის დათვლის დასრულებისთანავე დაიწყო. აქვე იყო პირველი მიმართვა, ერთიანობისკენ მოწოდება და გაცემული დაპირებები.

პანდემიის პერიოდში დაწყებული ინფლაცია, რომელმაც რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, ეკონომიკის ვარდნა და დამანგრეველი მიწისძვრა - ერდოღანისთვის სწორედ ეს შიდა პრობლემები იყო მთავარი წინასაარჩევნო გამოწვევა. რეალური შანსი გაჩნდა ოპოზიციონერი კანდიდატისთვის, ქემალ ქილიჩდაროღლუსთვის. მან მოქმედ პრეზიდენტს 2 რაუნდიანი, დაძაბული ბრძოლა გაუმართა და გამარჯვებამდე 5% დააკლდა. მარცხის შემდეგ მხარდამჭერებისთვის პროტესტისკენ არ მოუწოდებია, თუმცა ბრძოლის გაგრძელება დააანონსა.

85 მილიონიან ქვეყანაში ამომრჩევლის აზრი ორად გაიყო. მათ არჩევანი არა მხოლოდ ორ კანდიდატს, არამედ ქვეყნის მართვის 2 სისტემას შორის უნდა გაეკეთებინათ. სუპერსაპრეზიდენტო - ერდოღანის ხელმძღვანელობით, ან საპარლამენტო, რომელსაც ქილიჩდაროღლუ ჰპირდებოდათ. ამ ეტაპზე ე.წ. ცვლილებების გაზაფხული არ შედგა, რითაც თურქეთის მოსახლეობის ნაწილი ძალიან უკმაყოფილოა, ნაწილი კი პირიქით - ძალიან კმაყოფილი.

როგორ აისახება ერდოღანის მესამე ვადით გაპრეზიდენტება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე - ამ ნაწილში დღეს კითხვა გაცილებით მეტია, ვიდრე საგარეო მიმართულებით, რადგან ოპოზიციის კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, მკვეთრ ცვლილებებს აანონსებდა. ერდოღანის ამოცანა არსებული კურსის შენარჩუნებაა, რაც რეგიონში პოზიციების უფრო განმტკიცებას გულისხმობს. მას არჩევნებში გამარჯვება მსოფლიო ლიდერებმა, მათ შორის, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა უკვე მიულოცეს. მილოცვების სია გრძელი და მრავალფეროვანია. ერთ-ერთმა პირველმა სტრატეგიულ პარტნიორს და მეზობელი ქვეყნის ლიდერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. მილოცვის ტექსტი გავრცელდა საქართველოს მთავრობის და საქართველოს პრეზიდენტის "ტვიტერის" გვერდებზეც.

69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2002 წლიდან თურქეთის პირველი პირია. ჯერ პრემიერ-მინისტრის, შემდეგ კი 2 ვადით პრეზიდენტის რანგში. მე-3 ვადით არჩევის გარდა წლევანდელ არჩევნებში წარმატებას მიაღწია მისმა პარტიამ "სამართლიანობისა და განვითარებისთვის". 600 კაციან საკანონმდებლო ორგანოში 268 მანდატით უმრავლესობას სწორედ ერდოღანის თანაგუნდელები შეავსებენ, რაც მისი მმართველობის მნიშვნელოვანი დასაყრდენი იქნება.

დღის ამბები