26 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
"ისინი ცრუობდნენ და დღესაც ცრუობენ, როდესაც ამბობდნენ, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკით აღარ ინტერესდება" - არჩილ თალაკვაძე

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც პარტია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, გამოხმაურებები მოჰყვა მმართველ გუნდში. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპონენტები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკით აღარ ინტერესდება. 

"ყველას გვესმოდა, რომ ისინი ცრუობდნენ და დღესაც ცრუობენ, როდესაც თავიდან ამბობდნენ, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკით აღარ ინტერესდება, შემდეგ ვხედავდით მის განცხადებებს პერიოდულად და ახლაც, რომ თითქოს მას სთავაზობენ ვირტუალური მთავრობის ხელმძღვანელობას თუ რაღაც ვირტუალურ თანამდებობებს. ამაზე სერიოზული განცხადებების გაკეთება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. წინ არის საპარლამენტო არჩევნები. ჯერჯერობით, "ნაციონალური მოძრაობა" იშლება, მას ტოვებენ დეპუტატები, ტოვებენ წევრები. სულ უფრო კრიტიკულ შეფასებებს იმსახურებენ მათივე მხარდამჭერების მხრიდან. შესაბამისად, რა თანამდებობებს არიგებენ, უბრალოდ არის ღიმილისმომგვრელი. სჯობს, მიხედონ პარტიას და პრობლემები მოაგვარონ, რაც პარლამენტშიც კარგად ჩანს," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას არც არასდროს ჩამოშორებია.

"არც არასდროს არ ჩამოშორებია მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას და ყოველთვის, ის იყო მომართული იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტად ჩართული ყოფილიყო და სამწუხაროდ, მისი ჩართულობა ყოველთვის ქვეყნისთვის ზიანის მოტანით იყო დაგვირგვინებული. ასე რომ, იმის გამო რაღაც დღის წესრიგი არ გააჩნია ნაციონალურ მოძრაობას და აქტიური დეზორიენტაციის და დეზინტეგრაციის პროცესში იმყოფებიან, ეს რომ იტყვიან, ახალი ხანმოკლე საინფორმაციო გზავნილი შემოიტანეს მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებისთვის. თითქოს აქამდე რომელიღაც სხვა პოლიტიკაში იყო. უკრაინაში ყოფნის დროსაც, მისი იქ ყოფნა ემსახურებოდა ქართულ პოლიტიკაში ჩარევას. ამიტომ, აქ არანაირი სიახლე არ არის, ის ქართული პოლიტიკის ნაწილია, უბრალოდ, მისი შედეგი ქართულ პოლიტიკაში დადებითობის კუთხით არის აბსოლუტური ნული," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ავტორი: ანუკა ბუავა 

დღის ამბები