მეკობრეების ტყვეობიდან გამოხსნილი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ. ნუკრი ბერიძეს და გენადი ჩიტაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვდნენ.
"მისასალმებელი და საამაყოა, რომ როგორც საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობა სრულად იყო ჩართული, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ჩვენი წარმომადგენლობები შესაბამის ქვეყნებში. ყოველდღიურად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა თითოეულმა მეზღვაურმა მშვიდობიან ნაოსნობაში და სიტუაციაში გაატაროს მათი სამუშაო," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
ორი ქართველი მეზღვაური მეკობრეებმა 2 მაისს, ცენტრალურ აფრიკაში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს.
"მეკობრეები ამოიპარნენ, დაგვატყვევეს და ჯუნგლებში წაგვიყვანეს. დაახლოებით 20 დღის განმავლობაში იქ ვიყავით მათთან, თუმცა ღმერთს მადლობა, ყველა მხარე იყო ჩართული, როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოსა და აჭარის მთავრობა, ერთობლივი მუშაობის შედეგად რეკორდულ დროში მოხდა ჩვენი გათავისუფლება," - აცხადებს მეზღვაური გენადი ჩიტაძე.