ბათუმი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადება. ღონისძიებები ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება. ამ შემთხვევაში, მთავარი მასპინძელი შინაგან საქმეთა სამინისტროა. უწყების სხვადასხვა დანაყოფს მოწყობილი ექნება სივრცეები. ამასთან, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია კულტურული და საბავშვო აქტივობები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, უწყება აქტიურადაა ჩართული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
"ხვალისთვის ჩვენი სამსახურის მხრიდან წარმოდგენილი იქნება ადგილზე ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები, იქნება ხელოვნური საცოცი კედელი, დაბრკოლებათა ზოლი, სადაც ბავშვებს ექნებათ საშუალება ერთი დღით მოირგონ მეხანძრე-მაშველის როლი. ასევე, გამოფენილი იქნება სახანძრო-სამაშველო ტექნიკა,"- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი.
დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროც აღნიშნავს - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 მოზარდებს სპეციალურად მათთვის შექმნილ თამაშებში მონაწილეობას სთავაზობს, საიდანაც შეიტყობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ მოისმინონ სიცოცხლის ზარის ცენტრში შემოსული რეალური ზარები
მომსახურების სააგენტოს მოზარდებისთვის წარმოდგენილი აქვს სხვადასხვა გასართობი, შემეცნებითი სივრცე, სადაც შეუძლიათ ისარგებლონ იმიტირებული ველორბოლით და ჩააბარონ თეორიული გამოცდა, რომლის შემდეგადაც აიღებენ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობას.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი სტუმრებს სთავაზობს ჭკვიანი ქალაქის კონცეფციას, რაც გულისხმობს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვით სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობებში ბავშვების ჩართულობას.