თავისუფლებისა და რესპუბლიკის მოედნები, რუსთაველის გამზირი - სამივე ლოკაციაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის სამზადისი თითქმის დასრულებულია. 26 მაისის ორგანიზატორები სპეციალურ გასართობ და შემეცნებით სივრცეებს აწყობენ, ცალკე კუთხე დაეთმობა ქართულ ღვინოს, სადაც სომელიეები სტუმრებს სასმელს მუსიკის თანხლებით შესთავაზებენ. სპეციალურად მოეწყო საბავშვო სივრცეებიც, სადაც დამოუკიდებლობის დღეს პატარებს ანიმატორები და ზღაპრის გმირები გაართობენ.
თბილისის გარდა, 26 მაისი კიდევ 15 ქალაქში აღინიშნება. ქვეყნის ყველა რეგიონში მოეწყობა სამხედრო ტექნიკისა და ადგილობრივი მეწარმეების გამოფენაც. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ყველა ლოკაციაზე, მათ შორის თბილისში, შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება. დედაქალაქში შეზღუდვები დღეს, ღამის 12 საათიდან დაწესდება - თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და პირველი რესპუბლიკის მოედანი სრულად გადაკეტილი იქნება.