26 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
საქართველო კატარის ეკონომიკურ ფორუმზე - დოჰაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა

Bloomberg-ის დამფუძნებელმა, მაიკლ ბლუმბერგმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი გახსნა. სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს კატარის პრემიერ-მინისტრმაც. ფორუმის გახსნას სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, საქართველოს მთავრობის მეთაური დაესწრო. დოჰაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა. პრემიერ-მინისტრს კატარის ემირმა უმასპინძლა. შეიხთან შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და კატარს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის პრიორიტეტია. ირაკლი ღარიბაშვილი, კატარელი ბიზნესმენების მხრიდან საქართველოში სხვადასხვა სფეროში ინვესტირებას მიესალმა. კატარის სახელმწიფოსთან ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა twitter-ის საკუთარ გვერდზეც დაწერა.

საქართველოს მთავრობასა და Bloomberg-ს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და სკოტ ჰავენსმა. მთავრობის მეთაურმა "Bloomberg მედიის" აღმასრულებელ დირექტორთან ერთობლივად განხორციელებული და სამომავლო პროექტები განიხილა. კატარსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილეს კიდევ ერთ შეხვედრაზე. ირაკლი ღარიბაშვილი დოჰაში კოლეგას ესტუმრა და კატართან ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა. აუდიენციის დროს ასევე ხაზი გაესვა, არსებული თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი მაღალ ნიშნულზეა.

დოჰაში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი ფორუმის მონაწილეებს პანელური დისკუსიის ფორმატში სიტყვით მიმართავს და უფრო მეტ ინფორმაციას მიაწოდებს საქართველოს სავაჭრო - ეკონომიკური პოტენციალისა და ბიზნესგარემოს შესახებ.

ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ქართული დელეგაციის წევრების შეფასებით, გაზრდილია ინვესტორების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი, ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენება კი ქვეყანას კონკრეტულ შედეგებს მოუტანს.

კატარის ემირის პატრონაჟითა და Bloomberg-ის ორგანიზებით, ეკონომიკური ფორუმი დოჰაში ყოველწლიურად იმართება.

დღის ამბები