26 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
კამათი ბიუროს სხდომაზე - "ნაციონალური მოძრაობა" "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს

კამათი იყო ბიუროს სხდომაზე - მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, თინა ბოკუჩავას მიმართვა გახდა. ფრაქცია "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს. პროექტი ერთი წლის წინ დააინიციირეს. ცვლილებების მიხედვით, პირებს, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობდნენ ან დღემდე მონაწილეობენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და სამხედრო აგრესიაში, საქართველოში შემოსვლა და ეკონომიკური აქტივობების განხორციელება უნდა აეკრძალოთ. პარტიამ დღეს პროექტის ბიუროზე გატანა მოითხოვა, რაზეც სპიკერმა განაცხადა, რომ მათ იურიდიული კომიტეტისთვის უნდა მიემართათ. ამ განცხადებას ბიუროს სხდომაზე კამათი და ურთიერთბრალდებები მოჰყვა.

"ბატონო შალვა, "მიმართეთ პრესცენტრს" განცხადება რომ არ გამოგივიდეთ, თქვენი პოლიტიკური და პირადი მხარდაჭერა აღნიშნული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ექნება თუ არ ექნება?,"-მიმართა თინა ბოკუჩავამ შალვა პაპუაშვილს.

"ამ მაგიდის გარშემო სხედან კომიტეტის თავმჯდომარეები. არ ვიცი, თქვენ ამით დაკნინება გსურთ მათი პრესცენტრს რომ ეძახით, თუ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, კოლეგიალობისკენ მოგიწოდებთ, რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ჩემი პოზიცია რელევანტური არ არის, მე არ გახლავართ პარლამენტის დირექტორი, მე გახლავართ პარლამენტის თავმჯდომარე,"- უპასუხა შალვა პაპუაშვილმა.

ამის შემდეგ, თინა ბოკუჩავამ კითხვა დასვა, იყო თუ არა ეს საკითხი იმ საკითხზე მნიშვნელოვანი, რომელიც, რეგლამენტის მიხედვით დაჩქარებული წესით უნდა განხილულიყო და რომელიც პარტიისა თუ ფრაქციის მიღმა დარჩენილი დეპუტატებისთვის პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა.

"ერთის მხრივ, გვაქვს რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც აძლევს ამა თუ იმ პარლამენტის წევრს, რომელიც დატოვებს პარტიას თუ ფრაქციას, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას და ხელმისაწვდომობას სხვადასხვა საპარლამენტო ბერკეტებზე, ფინანსებზე და ა.შ. ეს მნიშვნელოვან საკითხად მიგაჩნიათ იმისთვის, რომ ის დაჩქარებული წესით იყოს განხილული, მაგრამ, ამავდროულად, როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომელიც შეუზღუდავდა სერგეი ლავროვის შვილს, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ის აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, გარდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი...,"- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ

შალვა პაპუაშვილმა ამ ორი საკითხის ერთმანეთთან შედარებას სპეკულაცია უწოდა.

"ორი სხვადასხვა, ერთმანეთთან დაუკავშირებელი საკითხის ასე დატოლება, არის სპეკულაცია,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამ რეპლიკებს სიტყვიერი კამათი მოჰყვა თინა ბოკუჩავასა და გია ვოლსკის შორის.

დღის ამბები