აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გადაიდო. მათ წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ყვარელში აქცია გუშინ ღამით დაიშალა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ქორწილი ჩაიშალა. ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული დროას ლიდერი ელენე ხოშტარიაც. მისი განცხადებით, ის პოლიციელს შეგნებულად დაუპირისპირდა და ამის დამალვას არც აპირებს.
"მე მივედი და დავუპირისპირდი პოლიციის თანამშრომელს, სრულიად შეგნებულად და ვითხოვდი, კონკრეტულად იმ მომენტში, ადვოკატის შეშვებას აქტივისტებთან. ეს არის ის პასუხი, რომელსაც მიიღებენ ყოველ ჯერზე. პოლიციელობა არის, დაიცვა ქვეყნის ღირსება და დაიცვა კანონი, რაც მათ დაარღვიეს და ამაზე ყოველთვის იქნება რეაქცია", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ადვოკატის ბაადურ გულიაშვილის განცხადებით, სასამართლოები როდის გაიმართება ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით, ალბათ უახლოეს პერიოდში გადმოიყვანენ სხვა დაკავებულებსაც და გაიმართება სასამართლო პროცესი.
"ამჟამად გადმოყვანილია რაიონულ სასამართლოში, მხოლოდ 2 პირი. სასამართლოები როდის გაიმართება ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით, ალბათ უახლოეს პერიოდში გადმოიყვანენ სხვა დაკავებულებსაც და გაიმართება სასამართლო პროცესი. ჩვენი მოთხოვნა იქნება ინდივიდუალური, რომ ისინი განთავისუფლებულ იქნან სასამართლო დარბაზიდან, რადგან ამ პირებს არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენიათ და ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები", - განაცხადა ადვოკატმა.