გერმანიის მმართველი კოალიცია გერმანიის მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებაზე შეთანხმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
ახალი კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნატურალიზაცია შესაძლებელი იქნება, თუ ისინი გერმანიაში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. მანამდე ეს ვადა რვა წელი იყო.
კანონში ასევე აღნიშნულია, რომ იმ უცხოელებს, რომლებიც განსაკუთრებით კარგად არიან ინტეგრირებულები გერმანიის საზოგადოებაში, ექნებათ უფლება, გერმანიის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნა ქვეყანაში სამი წლის ცხოვრების შემდეგ დააფიქსირონ.
ასევე უპირატესობა მიენიჭებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც კარგად ფლობენ გერმანულ ენას, აქტიურად მონაწილეობენ მოხალისეობრივ საქმიანობაში ან არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
უცხოექვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მიიღებენ გერმანიის მოქალაქეობას, შეძლებენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაც შეინარჩუნონ. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონი მათ საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმას ავალდებულებდა.