26 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
მშვიდობის მნიშვნელობა, რუსული აგრესიით მიღებული გამოცდილება და ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები - ქართული განაცხადი რეიკიავიკში და ევროპის საბჭოს სამიტის შეფასება

მშვიდობის მნიშვნელობა, რუსული აგრესიის შედეგად მიღებული გამოცდილება და ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული წარმატებული ნაბიჯები - რეიკიავიკის სამიტიდან პრემიერ-მინისტრის გზავნილებს თბილისში აფასებენ.

მმართველი გუნდი აქცენტს, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის გაცხადებულ მხარდაჭერაზე, უსაფრთხოების საკითხებსა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე აკეთებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითო დემოკრატიას აჩვენებს. გატარებული რეფორმებით კი, ქვეყანამ ევროკავშირის მხრიდან, ევროპული პერსპექტივის შემდეგ, კანდიდატის სტატუსიც უნდა მიიღოს.

მშვიდობას რომ ალტერნატივა არ გააჩნია და საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, საუბრობს ოპოზიციის ნაწილიც. თუმცა, მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის, რეიკიავიკის სამიტზე გახმოვანებული გზავნილები, არასაკმარისია.

საქართველოს პროდასავლურობასთან თავსებადობაზე საუბრობენ მმართველი გუნდის ლიდერები. სამიტის მნიშვნელობაზე დღეს განცხადება გააკეთა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემაც. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეროვნული ინტერესებისა და მშვიდობის საკითხები, რაზეც პრემიერი ფორუმზე საუბრობდა, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია.

ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროსაბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მე-4 სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს, ევროპისთვის ყველაზე რთულ პერიოდსა და მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. პრემიერ-მინისტრმა სამიტის ფარგლებში ისაუბრა იმ გამოცდილებაზეც, რომელიც საქართველოს რუსული აგრესიის შედეგად აქვს მიღებული. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო აცნობიერებს ომის ფასს და იცის მშვიდობის მნიშვნელობა. ამბობს, რომ ქვეყნის განვითარების დღის წესრიგის მთავარი ელემენტები სასამართლო, საარჩევნო სისტემების რეფორმა და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა.პრემიერმა თქვა ისიც, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით - ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის მომავალი უფრო განმტკიცდა.

რეიკიავიკის სამიტზე მსოფლიო ლიდერებმა და საერთაშორისო სტრუქტურებმა ერთობლივი დოკუმენტიც მიიღეს. 45-მა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს ზარალის რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დაზარალებულებმა ანაზღაურება უნდა მიიღონ. შეთანხმებას შეუერთდა საქართველოც. დოკუმენტს მხარი ევროსაბჭოს არაწევრმა სახელმწიფოებმაც დაუჭირეს: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და იაპონიამ. ერთობლივი დოკუმენტის ხელმოწერამდე სამიტზე გამოსვლები დეკლარაციის მნიშვნელობაზე საუბარს დაეთმო. ითქვა ისიც, რომ უკრაინაზე ფოკუსირების დროს მსოფლიოს ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს, საქართველო, მოლდოვა და ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან. სამიტის პარალელურად პრემიერი ორმხრივი შეხვედრები გამართა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრთა, კვიპროსის პრეზიდენტთან და ისლანდიის პრემიერთან.

დღის ამბები