26 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
განხეთქილება ენმ-ს ფრაქციაში - რა არგუმენტები აქვთ "ნაციონალური მოძრაობიდან" გარიყულებს თავის დასაცავად

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის, უკვე ყოფილი თანაფრაქციელების ქმედება, უფრო წინასწარ განზრახული გეგმაა, ვიდრე შემთხვევითობა. ურთიერთბრალდებებმა და სიცრუეში ერთმანეთის დადანაშაულებამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამჯერად ერთიანობის რღვევამდე პარლამენტში მიიყვანა. 24 დეპუტატიდან ფრაქციის შემადგენლობას 20 წევრი დარჩა.

იუსტიციის საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის მხარდაჭერისთვის პოლიტიკური ფასი ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა, ბაჩუკი ქარდავამ და ნიკა მაჭუტაძემ ფრაქციის დატოვებით გადაიხადეს.

5 ოპოზიციონერი დეპუტატიდან ნაწილს, დღეს არაერთხელ მოუწია საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა. სხდომათა დარბაზში ყოფილ თანაფრაქციელთან სიტუაციის გარკვევა ჯერ "ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა" სცადეს. პარალელურად, განხილვები მიმდინარეობდა სხვა პარტიების წევრებთანაც. ოპოზიციის რიგებში, თუმცა საბოლოოდ მაინც ცალკე ყოფნა არჩიეს ჩხეიძეებისა და ხაბულიანის სამეულმა.

სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, ჩხეიძეებმა მედიისთვის განცხადება გააკეთეს. კოლეგების ბრალდებებს ბრალდებითვე უპასუხეს და ე.წ. საერთო მიმოწერის დეტალებზე ისაუბრეს. ნატო ჩხეიძემ საჯაროდ მოითხოვა იმის განმარტება, რატომ მალავს "ნაციონალური მოძრაობა", რომ შეთანხმებული კანდიდატები 4-ის ნაცვლად 5 იყო, მეხუთე კანდიდატის კენჭისყრის მეორე ეტაპზე გადავიდა.

ოპოზიციურ ე.წ. საერთო მიმოწერაში კონკრეტული გვარების გაგზავნას არ უარყოფს ნატო ჩხეიძის შეკითხვის ადრესატი. ლევან ბეჟაშვილის თქმით, 4 გვარზე ნამდვილად გაიცა რეკომენდაცია, რომ ამ პირების მხარდაჭერა სამომავლოდ ნამდვილად განიხილებოდა, თუმცა პოლიტიკური ინტრიგა იმაშია, რომ ჩხეიძეებმა, მაჭუტაძემ, ქარდავამ და ხაბულიანმა არა ამ 4, არამედ სულ სხვა კანდიდატებს დაუჭირეს მხარი, ეს კი "ნაციონალური მოძრაობისთვის" საკმარის აღმოჩნდა მათივე ფრაქციის წევრებთან თანამშრომლობა შეეწყვიტათ.

გარიგებას უკავშირებენ სხვა პარტიებში 5 ოპოზიციონერი დეპუტატის გადაწყვეტილებას. თქვეს ისიც, რომ ამ ქმედებით დეპუტატებმა უხერხულ მდგომარეობაში არა საკუთარი თავი, არამედ კოლეგა პარტიებიც ჩააყენეს.

5 ოპოზიციონერის გარშემო განვითარებული მოვლენები მმართველი პარტიისთვის ოპოზიციის ერთი ნაწილის სრული ლუსტრაციაა. "ქართულ ოცნებაში" ოპონენტებს რადიკალურ დღის წესრიგში სდებენ ბრალს და ამბობენ, რომ სწორედ ამ ძალებს არ სურთ ქვეყანამ 12 რეკომენდაცია შეასრულოს და კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, პარლამენტის მიერ არჩეული არამოსამართლე წევრების პოზიცია 2021 წლის ივნისიდანაა ვაკანტური. კანდიდატების სრულად არჩევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. 5 კანდიდატიდან, გუშინ, მხოლოდ 3-ის მხარდაჭერა გახდა შესაძლებელი, საჭირო 90 ხმის მოპოვება კანდიდატებმა მმართველი პარტიის გარდა ჩხეიძეების, მაჭუტაძის, ქარდავასა და ხაბულიანის დახმარებით მოახერხეს.

დღის ამბები